კარასინი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის განცხადებას მიესალმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიესალმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ და მას „კონსტრუქციული“ უწოდა.

„ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირველ გამონათქვამებს. მისი შეხედულებები ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე კონსტუქციულად გამოიყურება და დიდწილად ჩვენს ხედვას ასახავს“, – განაცხადა კარასინმა „იტარ–ტასთან“ ინტერვიუში.

რუსეთის სახელმწიფო პირველ არხთან ინტერვიუში, რომელიც 10 ნოემბერს გადაიცა, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგება იმ საკითხების განხილვით უნდა დაიწყოს, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია და შემდეგ გადავიდნენ „კარგ მეზობლურ ურთიერთობებზე“ გრძელვადიან პერსპექტივაში. მან განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა პრეზიდენტ სააკაშვილის „დისკრედიტაცია“ მოახდინა, რომელმაც, მისი თქმით, „პრობლემები შექმნა“, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორი, განაგრძო მარგველაშვილმა, აღარ არის რელევანტური, რადგანაც ეს უკვე წარსულია. მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი იხეირებს სტაბილური საქართველოთი და მისი ევროპული ინტეგრაციით.  

მარგველაშვილი მკაცრად გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ იმის გამო, რომ მან ინტერვიუს დროს საერთოდ არ ახსენა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დევნილთა დაბრუნების საკითხი.

კარასინი რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია საქართველოს საკითხებზე; იგი ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან ის საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან ვაჭრობის, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მართავს მოლაპარაკებებს. ორი დიპლომატი დეკემბრიდან მოყოლებული უკვე მეხუთედ ერთმანეთს პრაღაში 21 ნოემბერს შეხვდება.

„მოსკოვი მზად არის განაგრძოს არაფორმალური დიალოგი, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობების დავალებით საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან. ამ პერიოდში რეალური შედეგები იქნა მიღწეული თანამშრომლობის აღდგენის თვალსაზრისით ისეთ სფეროებში, სადაც ეს რეალურია არსებულ პირობებში“, – განაცხადა კარასინმა.

„ვრჩებით რა რეალისტებად, ჩვენ არ ვისახავთ გადაჭარბებულ მიზნებს; თუმცა მყარად ვაპირებთ კონსტრუქციული სულისკვეთებით გავაგრძელოთ ისეთი მუშაობა, რომელიც სასარგებლოა ორივე ქვეყნის ხალხებისთვის“, – დასძინა მან.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია არ დაესწრება 17 ნოემბრის ინაუგურაციას თბილისში; მისი თქმით, ეს შეუძლებელია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მოსაწვევი არ გაუგზავნიათ და ამის მიზეზად მანაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა დაასახელა, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.

Exit mobile version