საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 13 ნოემბერს პირველი მოსმენით 76 ხმით 10–ის წინააღმდეგ მიიღო ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ფორმირებას დაგეგმილზე ერთი თვით ადრე. 
     
საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი საბჭო გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა მას შემდეგ, რაც ცხრა მოქმედი წევრიდან ორმა თანამდებობები დატოვა (15–წევრიან საბჭოში ექვსი ადგილი უკვე ვაკანტური იყო). გადაწყვეტილების მისაღებად კი სხდომას რვა წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს.

ზაფხულში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, რის შედეგადაც სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი შემოიღო; იმ ცვლილებების თანახმად, მოქმედი საბჭო 2014 წლის იანვრამდე უნდა დარჩეს.

ახალი ცვლილების თანახმად კი ახალი საბჭოს ფორმირების პროცედურები 2013 წლის 25 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. კანონპროექტის ავტორები მოქმედ საბჭოში არსებულ „კრიზისს“ ასახელებენ მათი ინიციატივის მიზეზად, რათა დააჩქარონ ახალი საბჭოს ფორმირება.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა შემოთავაზებული კანონპროექტის წინააღმდეგია და სანაცვლოდ სთავაზობს, რომ ისე შეიცვალოს კანონი, რომ  მოქმედი საბჭოს დარჩენილ წევრებს სხდომების გამართვის უფლება მიეცეთ. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ქართული ოცნება სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის გადადგომის იძულების გზით საზოგადოებრივ მაუწყებელში „კრიზისული“ სიტუაციის შექმნაში დაადანაშაულეს.

ზაფხულში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შემოღებული ახალი წესი გამორიცხავს პრეზიდენტის მონაწილეობას საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში.

ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაში 25 ნოემბრიდან შევა მას შემდეგ, რაც ცვლილება მეორე და მესამე მოსმენებით დამტკიცდება პარლამენტში, 15-წევრიანი სამეურვეო საბჭოს ნაცვლად, აირჩევა 9-წევრიანი საბჭო ღია კონკურსის წესით, რომლის გამოცხადებიდან მაქსიმუმ 10 დღეში პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შექმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით 9-წევრიან საკონკურსო კომისიას, რომელიც შეარჩევს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ შესაფერის კანდიდატურას.
 
ამ კანდიდატებიდან ორს სახალხო დამცველი, სამს –  საპარლამენტო უმრავლესობა, სამს  – უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს ასარჩევად, რისთვისაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. თუ სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდება სრული 9 წევრით, მაშინ დარჩენილი ვაკანტური ადგილების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version