პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე დასახელებული ლაშა აბაშიძე არჩეულ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ფოტო: მარგველაშვილის პრესსამსახური
არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა აბაშიძეს დანიშნავს.
„ჩვენ ერთად ვმუშაობდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ საარჩევნო შტაბში“, – განაცხადა მარგველაშვილმა 28 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
ლაშა აბაშიძე მარგველაშვილის საარჩევნო ფონდს და შესაბამისად კამპანიის ფინანსებს განაგებდა.
მარგველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, 2010-2012 წლებში ლაშა აბაშიძე დიდ ბრიტანეთში მუშაობდა, სადაც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა; 2007-2010 წლებში კი საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა ოპერაციათა მართვის უფროსისა და შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობებზე.
აბაშიძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მიღებული აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.