პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატზე ვარაუდები ვრცელდება

სულ უფრო აქტიური განხილვის თემა ხდება, თუ თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე; ქართულ მედიაში ბოლო დღეებში ვრცელდება ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოსტი შესაძლოა 50 წლის ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაიკავოს.

თავად ივანიშვილი თავის არჩევანის შესახებ ჯერ არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ  განცხადებას ამის შესახებ მომავალ კვირას გააკეთებს კოალიცია ქართულ ოცნებაში დაგეგმილი კონსულტაციების შემდეგ, თუ, რა თქმა უნდა, 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მეორე ტურის გამართვა არ გახდა საჭირო – ამ სცენარს პრემიერ–მინისტრი გამორიცხავს, თუმცა ოპონენტები არ არიან ასეთივე დარწმუნებულები, რომ პირველი ტური გამოავლენს გამარჯვებულს.

ერთადერთი მნიშვნელოვანი მინიშნება პრემიერ–მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით ივანიშვილმა „როიტერთან“ ინტერვიუში გააკეთა, როდესაც განაცხადა: „ეს იქნება მთავრობის წევრი, ერთ–ერთი მინისტრი, ჩვენი გუნდის წევრი“.

ადრე ეკონომიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი განიხილებოდა პრემიერ–მინისტრის პოტენციურ კანდიდატად, მაგრამ ეს შესაძლებლობა გამოირიცხა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა მიმდინარე კვირას, რომ კვირიკაშვილი თავის პოსტს შეინარჩუნებს მთავრობაში და ასევე დარჩება ვიცე–პრემიერის პოსტზეც. 

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხშირად მოიხსენიებოდა პრემიერ–მინისტრობის პოტენციური კანდიდატების სიაში.

სერგეენკო, რომელიც პედიატრია და რომელიც ჯანდაცვის მინისტრობამდე არ იყო ფართოდ ცნობილი საზოგადოებისთვის, ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა 2006–2012 წლებში.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა შეაქო სერგეენკო, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო დაწინაურებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. მან უთხრა ჟურნალისტებს 26 ოქტომბერს: „დავით სერგეენკო არის არაჩვეულებრივი ჯანდაცვის მინისტრი. ადამიანმა, რომელმაც უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით. მე შეგახსენებთ, რომ 2 მილიონამდე ადამიანი დააზღვია, აამაღლა სოციალური დახმარება, აამაღლა პენსიები და ეს მოახდინა ურთულეს ვითარებაში კოჰაბიტაციის, როდესაც მუდმივად ხდებოდა მისი პროგრამების და მისი რეფორმების დისკრედიტაცია“.

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გააკრიტიკა მომავალი პრემიერ–მინისტრის შერჩევის პროცესი და მას გაუმჭირვალე უწოდა.

„პრემიერის კანდიდატურა უნდა გადაწყდეს ძალიან გამჭირვალედ და საზოგადოებისთვის მისაღები განხილვის გზით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს 26 ოქტომბერს, „პრემიერის კანდიდატურა არ არის, ასე ვთქვათ, სახლში მომვლელის კანდიდატურა, რომ ერთმა ადამიანმა მოიფიქროს და გადაწყვიტოს და შემდეგ გააცნოს საზოგადოებას. ამიტომ მე თავად სერგეენკოსთან დაკავშირებით კომენტარს, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი იქნება თუ არა ის კანდიდატი“. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „უბრალოდ უცნაურია, რომ ჯერ პრემიერ–მინისტრი ახალი არ დასახელებულა და მისი მოადგილე დასახელებული და გადაწყვეტილია“. 

მას მხედველობაში ჰქონდა ივანიშვილის განცხადება, რომ ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი ვიცე–პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს ახალი პრემიერ–მინისტრის პირობებშიც. „დაველოდოთ ვინ გამოცხადდება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ წავიდეს პოლიტიკიდან“, – დასძინა ბურჯანაძემ. 

„სერგეენკო შეიძლება არის კარგი ექიმი ივანიშვილის ბავშვების საოჯახო ექიმი, მაგრამ ის არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს პრემიერ–მინისტრი“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, „ოჯახის ექიმიდან გახდა მინისტრი … თითქოს იქ ააყვავა ყველაფერი და ახლა პრემიერ–მინისტრი, ნუ რა სისულელეა. ეს არის ქვეყნის მასხრად აგდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version