მარგველაშვილი ადასტურებს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში გამოეთიშება არჩევნებს


ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის შეხვედრაზე მარნეულში მხარდამჭერებს მიმართავს, 19 ოქტომბერი. ფოტო: მარგველაშვილის საარჩევნო შტაბი 

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმეორა რომ იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და მეორე ტური აღარ გაიმართება, მაგრამ თუ მაინც დაისმევა „თეორიული კითხვა“, რას გააკეთებს ის მეორე ტურის შემთხვევაში, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში.

მისი თქმით, მეორე ტური „ილუზიაა“, რადგანაც თუ ვინმე უშვებს, რომ ამგვარი სცენარი შესაძლებელია, ის იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამომრჩევლებს „მოენატრათ“ ის დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში.  

„საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეს ძალიან მოენატრა ისევ პოლიციელების კაკუნი კარებზე და იმის თქმა, რომ არჩევნებზე არ წახვიდე, ისევ მოენატრა დიქტატი, ისევ მოენატრა ბიზნესს, რომ ვიღაცამ აკონტროლოს … საკითხის ასე დასმა თავისთავად არის აბსურდი. შესაბამისად, გეუბნებით, რომ მეორე ტური არ იქნება“, – განაცხადა მარგველაშვილმა მეორე არხთან ინტერვიუში 18 ოქტომბერს.

„კითხვა იმის თაობაზე, რომ მაინც თეორიულად დავუშვათ – პირველ რიგში, ჩვენ არ ვცხოვრობთ თეორიულ სამყაროში და ვირტუალურ სამყაროში; ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში და იმ გარყვნილებას, რომელიც ცხრა წელი გრძელდებოდა, საზოგადოებამ გამოუტანა განაჩენი და გამოუტანს განაჩენს ამ არჩევნებზეც“, – განაცხადა მან.

„მაგრამ თუ ვინმეს თეორიული კითხვის დასმა უნდა, მე ვამბობ, რომ მე იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ განაჩენი იმ წარსულს გამოტანილი აქვს, რომ თუ იქნება მეორე ტური, მე არ მივიღებ მეორე ტურში მონაწილეობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა და მეც იგივეს ვამბობ“, – დასძინა მან.

„ჩვენ ერთი გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ“, – განაგრძო მან. „ეს გეგმა ყველასთვის ცნობილია… ამ გეგმის ფარგლებშია მისი გადასვლა სამოქალაქო საზოგადოებაში… ამ გეგმის ფარგლებში გადაწყდა ის ვალდებულება, რომელიც მე ჩემს თავზე ავიღე; შესაბამისად, ერთნაირად ვსაუბრობთ და ერთნაირი ხედვა გვაქვს და ეს ჩვენ ძალიან გვაძლიერებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„მეკითხებიან რა იქნება მეორე ტურში, ვამბობ, რომ მე იმხელა გარანტია მაქვს, რომ პირველ ტურში ყველაფერი დამთავრდება, რომ იქნება მეორე ტური? მაშინ მე არ წავალ მეორე ტურზე – ამას ვამბობ ნათლად, მკაფიოდ და ამით გარანტიას ვაძლევ ჩვენ ამომრჩეველს, რომ გამომდინარე მათი ძალიან დიდი აქტიურობიდან, ჩვენ ვიგებთ პირველივე ტურში და კითხვა წარსულში დაბრუნების შესახებ გადახაზულია ბოლომდე“, – განაცხადა ქართული ოცნების კანდიდატმა.

მარგველაშვილმა ეს თემა ასევე წამოწია 19 ოქტომბერს, როცა რუსთავში კამპანიის ფარგლებში თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა: „როგორ შეიძლება უარი ვთქვათ მეორე ტურზე? ძალიან მარტივად იმდენად, რამდენადაც შენ ენდობი შენს ერს. მე უარს ვამბობ იმიტომ, რომ თქვენ გენდობით და არა იმიტომ, რომ რამე ამპარტავნება მაქვს. მე თქვენი ნდობიდან გამომდინარე ვამბობ უარს. მე ამით ნათლად ვაჩვენებ, რომ არ არის არანაირი კითხვის ნიშანი“.

ცესკოს განმარტებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე უნდა მიმართოს წერილობით ცესკოს კანდიდატურის მოსახსნელად.

„ასეთ შემთხვევაში მეორე ტურში გასული კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში ვეღარ მოხვდება, სადაც დარჩება მხოლოდ მისი პოტენციური კონკურენტი, რომელიც იქნება მეორე ტურში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი და მისი გაპრეზიდენტებისთვის 1 ხმაც საკმარისი იქნება“, – განუცხადა აზარაშვილმა Civil.ge-ს 19 ოქტომბერს.

მისი თქმით, თუ მეორე ტურამდე 10 დღით ადრე კანდიდატი არ აცნობებს ოფიციალურად ცესკოს და მხოლოდ ზეპირად განაცხადებს იმის შესახებ, რომ კანდიდატურა მოხსნა, ის მაინც იქნება წარმოდგენილი კონკურენტ კანდიდატთან ერთად საარჩევნო ბიულეტენში და არჩევნები მიღებული ხმების საფუძველზე შეჯამდება, კერძოდ კი მოიგებს ის, ვინც ამ ორი კანდიდატიდან მეტ ხმას დააგროვებს.

არჩევნების მეორე ტური იმ შემთხევაში ინიშნება, თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50% პლიუს ერთ ხმას ვერ დააგროვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version