skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი მუსლიმთა ლიდერებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 5 ოქტომბერს ურეკის რეზიდენტიაში მუსლიმი თემის ლიდერებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომლის უფლებამოსილებაში ასევე შედის უმცირესობებთან ურთიერთობები, და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას.

შეხვედრის შესახებ მოკლე ვიდეოში, რომელიც პრემიერ–მინისტრის პრესამსახურმა გაავრცელა, ივანიშვილი აცხადებს, რომ სოფელ ჭელაში ხელისუფლების მიერ მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებული „უხეში" ქმედებები „ძალიან დიდი სირცხვილია“.

„ეს იყო გულახდილი და გულწრფელი საუბარი მრავალ საკითხზე, მათ შორის მეჩეთის საკითხზე, რომელიც უნდა აშენდეს ბათუმის ტერიტორიაზე… ჩამოსული იყვნენ მუფთიები სხვადასხვა რაიონებიდან, რომელთაც თავის რაიონებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. არსებობს პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა ფორმები. ამაზე იყო მსჯელობა. ასევე, ბუნებრივია, იყო მსჯელობა ჭელაში მინარეთის საკითხზე და დაიგეგმა გარკვეული ღონისძიებები“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

„ოთხი საათის განმავლობაში პრემიერ–მინისტრი გვისმენდა… ის არის გულწრფელი ადამიანი, რომელიც დაგვპირდა გვერდში დგომას“, – განაცხადა მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ და მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს იმ პრობლემების განხილვისთვის, რომლებიც, მისი თქმით, ათობით წელია გროვდებოდა.

„საკითხები იყო ასეთი, მეჩეთისა და მინარეთის და ასევე სხვადასახვა საკითხები. რამდენიმე ვარიანტი იქნა შერჩეული მეჩეთთან დაკავშირებით და მიდის ამასთან დაკავშირებით მსჯელობა“, – განაცხადა ჯემალ პაქსაძემ და დასძინა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პრობლემები მოგვარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button