სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარედ დაინიშნა ექვსი წლის ვადით. შესაბამის განკარგულებას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა 16 სექტემბერს მოაწერა ხელი.

დანიშვნამდე მილორავას 2009 წლიდან ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.  უფრო ადრე, 2004 წლიდან იგი ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 

მილორავამ ამ პოსტზე გურამ ჩალაგაშვილი შეცვალა, რომლის უფლებამოსილების ვადაც აგვისტოში ამოიწურა. ჩალაგაშვილს სემეკის თავმჯდომარის თანამდებობა 2007 წლიდან ეკავა.

პარლამენტმა ივნისში დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სემეკის თავმჯდომარეს და წევრებს თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ივლისში პრეზიდენტის ეს ვეტო დაძლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version