ტალინში ესტონეთის და საქართველოს პრემიერ–მინისტრების შეხვედრა გაიმართა

პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ტალინს სტუმრობს, თავის ესტონელ კოლეგას ანდრუს ანსიპს 9 სექტემბერს შეხვდა.

ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საკმაოდ ფართოდ განიხილეს ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი.

ანდრუს ანსიპის განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

„ჩვენ ასევე გვინდა ვიხილოთ, რომ ამ შეთანხმებების პარაფირებას მოყვება [ამ შეთანხმებების] ძალაში შესვლა მოქმედი ევროკომისიის მანდატის ვადაში“, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში იწურება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ანსიპმა.

„საქართველოს შეუძლია ესტონეთის მხარდაჭერის იმედი იქონიოს“, – დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას „არაუგვიანეს მაისისა“ მოეწეროს ხელი.

„ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე ჩვენ აუცილებლად მივიღებთ [ასოცირების შესახებ შეთანხმების] პარაფირებას; ჩვენ დავსახეთ ახალი მიზნები; ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპრილში, არაუგვიანეს მაისისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“, – განაცხადა მან.

აღნიშნეს რა ორ ქვეყანას შორის „შესანიშნავი“ პოლიტიკური ურთიერთობები, ორმა პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს. 

„პოლიტიკურ დონეზე არის მაქსიმალური ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის. საუბედუროდ, ძალიან დაბალია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები, ასევე საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია იქნა განხილული.

„მე დავარწმუნე ჩემი კოლეგა, რომ ახალი ხელისუფლება უფრო დიდი ტემპებით გააგრძელებს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისკენ და ჩვენ უახლოეს დროში მოვახერხებთ გავხდეთ ღირსეული წევრი ამ ორი გაერთიანების“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როდესაც მას დაგეგმილი ვადამდელი გადადგომის შესახებ ჰკითხეს, პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა გაიმეორა, რომ იგი აპირებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გადადგომას, რათა სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლოს და იქიდან აკონტროლოს ხელისუფლება.

„მე ვფიქრობ, რომ ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს და მე ვფიქრობ, რომ ჩემი ახალი როლი კიდევ უფრო საინტერესოა და მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ“, – განაცხადა ივანიშვილმა.  

შემდეგ მას პრეზიდენტ სააკაშვილზე ჰკითხეს; ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას რამდენიმე წლის განმავლობაში „ძალიან კარგი ურთიერთობები“ ჰქონდა სააკაშვილთან და რჩევებს აძლევდა მას.

„ჩვენი ურთიერთობები გაფუჭდა იმის შემდეგ, რაც მან გააფუჭა ურთიერთობები დემოკრატიასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მე მოვახერხე და ის პოლიტიკიდან გავისტუმრე თავის გუნდთან ერთად და მეც მივდივარ რამდენიმე კვირის შემდგომ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება. სააკაშვილს რაც შეეხება და მის მომავალს, ეს ალბათ მასზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორც განვითარდება პროცესები. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველომ იყუროს წინ, ვიყუროთ განვითარებისკენ უფრო მეტი, ვიდრე უკან. თუმცაღა, ეს პროცესებიც დაუსრულებელია, რასაც ქვია სამართლიანობის აღდგენა და შესაძლებელია სიტუაცია ყოველმხრივ განვითარდეს საქართველოში“.

ტალინში პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ასევე შეხვდა პრეზიდენტ თომას ჰენდრიკ ილვესს, პარლამენტის სპიკერს ენე ერგმას და ეკონომიკურ საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს იუჰან პარტს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version