ახალი ამბები

ბათუმს ნატოს სამი გემი სტუმრობს



თურქეთის საზღვაო ძალების გემი Erdemli და გერმანიის საზღვაო ძალების გემი Rottweil გვერდიგვერდ დგანან ბათუმის პორტში. ფოტო: ნატო/HQ MARCOM

ბათუმს 6 სექტემბერს ნატო–ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის (SNMCMG2) სამი გემი ეწვია.

კერძოდ, ბათუმს ორი გერმანული – Mosel და Rottweil და ერთი თურქული – Erdemli გამნაღმველი ფრეგატი ეწვია. ბათუმში ჩასვლამდე ნატოს სამივე გემი სევასტოპოლის პორტს სტუმრობდა.

„[ბათუმში] ვიზიტის დროს ნატოს ძალები საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ, რომლის დროსაც პერსონალის გაცვლა და ერთობლივი წვრთნები განხორციელდება“, – განაცხადა SNMCMG2–მ.

7 სექტემბერს ხანძარსაწინააღმდეგო თეორიული წვრთნები გაიმართა. ასევე დაგეგმილია საზღვაო მყვინთავებთან ერთად ერთობლივი წვრთნები ზღვის ფსკერზე.

საპორტო ვიზიტის პარალელურად ნატო–ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, კომოდორე (ადმირალი) არიან მაინდერჰუდი შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობასთან და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან მართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button