პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია მარგველაშვილის პირველივე ტურში გამარჯვებაში

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის კვლავაც დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს, თუმცა ასევე მიმართა მხარდამჭერებს, რომ არ იფიქრონ, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და 27 ოქტომბერს საარჩევნო აქტივობისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ, რომ აუცილებლად მოდით არჩევნებზე. არ იფიქროთ, რომ საკითხი გადაწყვეტილია, დასრულებულია ამით ყველაფერი. გასაგებია, რომ გიორგის აქვს დიდი უპირატესობა ყველა რეიტინგებით“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც ასევე მხედველობაში ჰქონდა აგვისტოს დასაწყისში მარგველაშვილის შტაბის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, ყოფილ განათლების მინისტრს 53%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, მაგრამ გაიმარჯვებს მხოლოდ თქვენი ხმის მიცემით, გაიმარჯვებს მხოლოდ თქვენი თანადგომით, რისი იმედიც მე მაქვს. ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ, მობრძანდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ღირსეულ კანდიდატს“.

ივანიშვილმა ეს განცხადებები მარგველაშვილის კამპანიის შეკრებაზე მშობლიურ ქალაქ საჩხერეში გააკეთა 31 აგვისტოს. თავის გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს „დაპირებების ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა“ შეასრულა, რომელთა შორისაც მან ჩამოთვალა „სამართლიანობის აღდგენის პროცესი“, პოლიციის დეპოლიტიზაცია და სამართალდამცავი სტრუქტურების ჩაყენება „საკუთარი ხალხის სამსახურში“, კონსტიტუციაში „ძირეული ცვლილების“ გატარება, რომლითაც პრეზიდენტს ჩამოერთვა ახალი მთავრობის პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშვნის უფლება, მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს ფინანსური დახმარება და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება; მან ასევე შეაქო მარგველაშვილი განათლების მინისტრობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რაც საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას ითვალისწინებს. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა „თავს აღწევს, ჩემი აზრით, და მე მგონი დააღწია უკვე საბედნიეროდ, ძველი ხელისუფლების გავლენას და ზეწოლას“.

„მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, ჩვენ რეალობიდან ვპირდებოდით, რეალობიდან მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ჩემი აზრით, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. სასწაულს ვერ მოვახდენდით და არც მომხდარა. თუმცა მომავალი წინ გვაქვს. ჩვენ თუ ასეთი ტემპებით გავაგრძელებთ, გარწმუნებთ… ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ და გავხდებით ევროპული სახელმწიფოს ტიპის ქვეყანა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მარგველაშვილი წინასაარჩევნო ტურნეში 12 აგვისტოდან იმყოფება, როცა მისმა კამპანიამ ოფიციალური სტარტი ნოქალაქევიდან აიღო. მას შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მხოლოდ ორჯერ მიიღო მმართველი კოალიციის კანდიდატის კამპანიის შეხვედრებში მონაწილეობა – ნოქალაქევსა და საჩხერეში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version