პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

დეპუტატებმა 30 ივლისს გამართულ სხდომაზე „2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს და მიიღეს რეზოლუცია, რომელიც სხვადასხვა სამინისტროების მიმართ ანგარიშის საფუძველზე შემუშავებულ მთელ რიგ რეკომენდაციებს შეიცავს.
 
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია და ის, თუ როგორ განხორციელდება რეკომენდაციები, იქნება „ტესტი“ ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, მთავრობამ რეზოლუციაში ასახული რეკომენდაციების განხორციელებისთვის შესაბამისი ვადები უნდა გაწეროს.  
 
ნანუაშვილმა, რომელიც პარლამენტმა სახალხო დამცველად 2012 წლის დეკემბერში დაამტკიცა, განაცხადა, რომ მისი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც უამრავ მძიმე დანაშაულს და ადამიანის უფლებათა დარღვევებს ასახავს, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, არის „სარკე“, რომელიც ნათლად ასახავს, თუ რა ხდებოდა გასულ წელს.
 
ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მათ თვალი უნდა გაუსწორონ ამ დარღვევებს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს.
 
ნანუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება, მაგრამ სიტუაცია ბევრ სფეროში გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ არ უყვარს ამგვარი შედარებების გაკეთება, როდესაც წინა და ახლანდელი ხელისუფლების პირობებში არსებულ სიტუაციებს ადარებენ.
 
„მნიშვნელოვანია რომ სტანდარტები გაიზარდოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით უნდა შეფასდეს და არა იმ ვითარებასთან შედარებით, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა. 
 
სახალხო დამცველის 770–გვერდიანი ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი, წინა ანალოგიური ანგარიშების მსგავსად, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სიტუაციას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ პატიმართა ცუდ მოპყრობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
 
"გასულ წელს, გეგმიური მონიტორინგის დროს, კვლავ გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები მათ შორის წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათი, რომლებზეც სახალხო დამცველის სპეციალური პრევენტიული ჯგუფი პერმანენტულად ამახვილებდა ყურადღებას გასული წლების განმავლობაში. სამწუხაროა, რომ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში არ მიუღია სათანადო და ადეკვატური ზომები. მეტიც, ტენდენციად იქცა გამოვლენილი სისტემური დარღვევების სრული იგნორირება. შედეგად კი მოხდა ის, რის თაობაზეც ხშირად იყო საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშებში – დამკვირდრდა დაუსჯელობის სინდრომი", – განაცხადა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენმა  უთხრა დეპუტატებს, რომ მართალია გარკვეულ „ინციდენტებს“ ჰქონდა ადგილი, მაგრამ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
 
სახალხო დამცველის ანგარიშში კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ასევე ყველაზე მეტი ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც ის აპრილში გამოქვეყნდა, არის ლოპოტას ხეობაში 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები.

სახალხო დამცველმა თავდაპირველად მოუწოდებდა პარლამენტს, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოეყალიბებინა ინციდენტის გამოძიების მიზნით. თუმცა, 30 ივლისის მოსმენაზე ნანუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია პარლამენტის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდეს „საზოგადოებრივი“ და „მაქსიმალურად აპოლიტიკური“ კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე პირები და უცხოელი ექსპერტები. ნანუაშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ ამ ტიპის კომისიის მუშაობა და მისი დასკვნები უფრო დიდი საზოგადოებრივი ნდობით ისარგებლებს, ვიდრე პოლიტიკოსების მიერ დაკომპლექტებული კომისიის მუშაობა.
 
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტური. მან ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ლოპოტას ხეობის მოვლენებში, შესაძლოა მიკერძოებული იყოს და ამიტომ საქმე შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას უნდა გადაეცეს.
 
სახალხო დამცველის მოხსენების საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, ლოპოტას ხეობის მოვლენებთან მიმართებაშიც შეიცავს ცალკე რეკომენდაციას პროკურატურისადმი, სადაც ნათქვამია, რომ უნდა „ჩატარდეს სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.“

„მიუკერძოებლობისა და მაღალი სანდოობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმოებაში არ უნდა მონაწილეობდნენ ის პირები, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო აღნიშნულ საქმესთან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების ორგანომ პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს ლოპოტას ხეობაში… განვითარებული მოვლენების გამოძიების შესახებ", – ნათქვამია პარლამენტის დადგენილებაში. 
 
30 ივლისს პარლამენტში ანგარიშის განხილვის დროს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა ჰკითხა სახალხო დამცველს, თუ რატომ გადაწყვიტა მან შეესწავლა ლოპოტას ხეობის მოვლენები, რაც, მისი თქმით, როგორც წესი, არ ხვდება ხოლმე მსგავს ანგარიშებში, და თუ რატომ წარმოადგენს ის თავის დასკვნებს, როგორც „ფაქტებს“ იმ დროს, როდესაც ოფიციალური გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. კუბლაშვილმა ასევე ჰკითხა ნანუაშვილს, ფიქრობდა თუ არა ის, რომ მისი დასკვნები ემთხვეოდა იმ დასკვნებს, რომლის დანახვაც ამ მოვლენებში „ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს“ სურთ. ნანუაშვილმა უპასუხა, რომ იგი ვერ დახუჭავდა თვალს ასეთ სერიოზულ ინციდენტზე, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, იმის შიშით, რომ საკითხი შესაძლოა ვინმემ პოლიტიკური მიზნით გამოიყენოს.
 
როდესაც სახალხო დამცველს იმ პირობების შესახებ ჰკითხეს, რომელშიც ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფება, მან უპასუხა, რომ პირობები „დამაკმაყოფულებელია“. 
 
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა რამდენჯერმე მოინახულა მერაბიშვილი საკანში და მას პრობლემები არ აქვს. სახალხო დამცველის თქმით, მერაბიშვილი ტელევიზორს ითხოვდა და მისი ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. ნანუაშვილის თქმით, მერაბიშვილი ითხოვს ოჯახის წევრებთან შეხვედრას, მაგრამ არსებული კანონმდებლობა, რომელიც, როგორც ნანუაშვილმა გაუსვა ხაზი, წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, კრძალავს წინასწარ დაკავებაში მყოფ პირთან ოჯახის წევრების სტუმრობას.
 
ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის მიერ დადგენილების მიღება, რომელიც სხვადასხვა სამინისტროების მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ის განსხვავდება ადრე არსებული პრაქტიკისგან, როდესაც წინა პარლამენტი მხოლოდ „ცნობად იღებდა“ ომბუდსმენის ანგარიშებს და არ მოუწოდებდა მთავრობას ანგარიშში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version