პარლამენტმა 27 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საპრეზიდენტო კამპანიის ხარჯებთან და აგიტაციის წესებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა ორი პროექტი.
ცვლილებების მიხედვით, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში ხმათა 10%-ს ან მეტს მიიღებს, მას წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 000 000 ლარის ფარგლებში ერთჯერადად აუნაზღაურდება; კანდიდატებს თანხები არჩევნებიდან 18 დღის განმავლობაში მილიონის ფარგლებში გაწეული დანახარჯების თაობაზე წარდგენილი ანგარიშის ექვივალენტურად აუნაზღაურდებათ.
კამპანიის დაფინანსების ამგვარი სქემა 2012 წლის იანვრიდან მოქმედებს, თუმცა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ამავე პროექტით, საბიუჯეტო დაფინანსების მქონე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს თავიანთი წარმომადგენლობის დაფინანსება გაეზრდებათ და ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარს, ხოლო ოლქზე 150 ლარს მიიღებენ. მოქმედ კოდექსში დაფინანსების ეს ოდენობები, შესაბამისად, 60 და 120 ლარს შეადგენს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული მეორე კანონპროექტი წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედი უწყებათაშორისი კომისია, რომლის ამოცანაც არის საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
ამგვარი უწყებათაშორისი კომისია პირველად 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა და მას შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნებისთვის ფუნქციონირებდა, ხოლო უკვე 2011 წლის დეკემბრიდან ამგვარი კომისიის უშიშროების საბჭოს დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირების ვალდებულება საარჩევნო კოდექსით განისაზღვრა.
ამასთან, მიღებული კანონპროექტი თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს სამსახურეობრივი ავტომანქანების აგიტაციის დროს გამოყენებას უკრძალავს – თუმცა ეს არ გავრცელდება იმ მაღალჩინოსნებზე, რომელთაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს; ამასთან, ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება; საჯარო მოხელეებს აგიტაციის განხორციელება აეკრძალებათ სამუშაო საათებშიც და მაშინაც, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ასევე წესდება პრეზიდენტის კანდიდატობასთან შეუთავსებელი თანამდებობების ნუსხა, რაც მოქმედი კოდექსით არ არის დარეგულირებული.
მიუხედევად იმისა, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობა არ ავალდებულებდა, მმართველი კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა, რათა, მისი თქმით, თავიდან ყოფილიყო აცილებული აღქმა მის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების თაობაზე.