პარლამენტმა 25 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა სიის ფორმირებას.
ბიომეტრიული რეგისტრაციის საფუძველზე საარჩევნო სიების ფორმირება გათვალისწინებულია 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რასაც წინასწარი მონაცემებით, 8 მლნ აშშ დოლარის ოდენობით თანხები დასჭირდება.
ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლა არ მოუწევთ იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ პირადობის ელექტრონული მოწმობები ან ბიომეტრიული პასპორტები, რადგან ისინი ავტომატურად მოხვდებიან ამომრჩეველთა სიაში.
ამომრჩეველი, რომელსაც ამგვარი დოკუმენტები არ გააჩნია, იუსტიციის სახლებსა და სპეციალურად გახსნილ პუნქტებში ბიომეტრიულ ფოტოსურათს გადაიღებს და მისი მონაცემების გადამოწმების შემდეგ, ის ამომრჩეველთა სიაში იქნება შეყვანილი. ამგვარი რეგისტრაციის შესაძლებლობა მოქალაქეებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც ექნებათ, ხოლო ისინი, ვინც სხვადასხვა მიზეზით თავად ვერ გაივლიან რეგისტრაციას, მათი მონაცემების შეგროვებას მობილური ჯგუფები „კარდაკარის“ პრინციპით განახორციელებენ.
ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელმაც სიები უნდა შეადგინოს და 2014 წლის 15 მარტამდე გადასცეს ცესკოს.
კანონპროექტი საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადდა. ინიციატორთა განცხადებით, ე.წ. ბიომეტრიული სიები მინიმუმამდე დაიყვანს ერთი ამომრჩევლის სიაში ორჯერ მოხვედრის შანსს.