პარლამენტმა 25 ივლისს კენჭი უყარა პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა სამ პროექტს.
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით იქნა მიღებული, იურიდიულ პირებს უბრუნდებათ უფლება დააფინანსონ პარტიები წელიწადში 120 ათასი ლარის ოდენობით; საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად დაწესებული ბარიერი მცირდება და ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც 3% ხდება, ამჟამად არსებული 4%-ის ნაცვლად; საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიები 30%-იან ფინანსურ დანამატს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ პარტიული სიების ყოველ ათეულში ყოველი მესამე კანდიდატი ეყოლებათ ქალი; პარტიას წლიური ხარჯების მაქსიმალური ოდენობა ორჯერ შეუმცირდება, რათა ის არ აღემატებოდეს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 %-ს; პარტიების დაფინანსების წესების დარღვევისთვის მცირდება საჯარიმო სანქციები – თუ მოქმედი ნორმა უკანონო შემოწირულობის ხუთმაგის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ჯარიმა ორმაგ ოდენობამდე შემცირდება.
ეს ცვლილებები მიმართულია იმ მკაცრი რეგულაციების შესამსუბუქებლად, რომელიც პარტიების შესახებ კანონში 2011 წლის დეკემბრიდან იქნა შემოღებული მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში.
პარლამენტმა 24 ივლისს პირველი მოსმენით, ხოლო უკვე მეორე მოსმენით 25 ივლისს დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
ამ კანონპროექტიდან მეორე მოსმენის წინ ამოიღეს დებულება, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს აგიტაცია კენჭისყრის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში იკრძალებოდა. ეს ცვლილება განპირობებული იყო წინა რამდენიმე არჩევნებზე დაფიქსირებული პრაქტიკით, როცა პარტიის აქტივისტები აღწერდნენ არჩევნებზე მისულ მათ მხარდამჭერებს, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან მართალია კანონდარღვევად არ ფასდებოდა, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ ეს ფორმა ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, 20-მეტრიანი რადიუსი აღარ იქნება შემოღებული, ვინაიდან პროცესის ადმინისტრირება, დეპუტატების და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის აზრით, შეუძლებელი იქნება. აგიტაცია, მოქმედი წესებით, არჩევნების დღეს დაუშვებელია მხოლოდ საარჩევნო უბნის შიგნით და მასმედიის საშუალებებით.
კანონპროექტის დანარჩენი დებულებები უცვლელი დარჩა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანა; თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის სამსახურეობრივი ავტომანქანების აგიტაციის დროს გამოყენების აკრძალვა – თუმცა ეს არ გავრცელდება იმ მაღალჩინოსნებზე, რომელთაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს; ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება; საჯარო მოხელეებს აგიტაციის განხორციელება აეკრძალებათ სამუშაო საათებშიც და მაშინაც, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; ასევე წესდება პრეზიდენტის კანდიდატობასთან შეუთავსებელი თანამდებობების ნუსხა, რაც მოქმედი კოდექსით არ არის დარეგულირებული.
ასევე პირველი და მეორე მოსმენით იქნა, შესაბამისად, 24 და 25 ივლისს მიღებული საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთიცვლილებათა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ საპრეზიდენტო კანდიდატის მილიონი ლარის ფარგლებში დაფინანსებას, რომელიც არჩევნებზე სულ ცოტა ხმების 10%-ს დააგროვებს. კანდიდატებს თანხები არჩევნებიდან 18 დღის განმავლობაში დანახარჯების თაობაზე წარდგენილი ანგარიშის ექვივალენტურად აუნაზღაურდებათ.
ამავე პროექტით, საბიუჯეტო დაფინანსების მქონე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს თავიანთი წარმომადგენლობის დაფინანსება გაეზრდებათ და ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარს, ხოლო ოლქზე 150 ლარს მიიღებენ. მოქმედ კოდექსში დაფინანსების ეს ოდენობები, შესაბამისად, 60 და 120 ლარს შეადგენს.
დღესვე პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი კიდევ ცვლილებათა პროექტს საარჩევნო კოდექსში, რომელიც რეგისტრაციიდან სხვადასხვა მიზეზით მოხსნილ ამომრჩევლებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, თუ ისინი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლიან. დღევანდელი მდგომარეობით ასეთ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ და მათი საერთო რაოდენობა, ცესკოს-ს ინფორმაციით, 97 ათასს აღემატება.