ივანიშვილი ლიტვას და პოლონეთს ეწვევა

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 18–19 ივლისს ლიტვას და პოლონეთს ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

18 ივლისს ივანიშვილი შეხვდება ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, პრემიერ-მინისტრს ალგირდას ბუტკევიჩიუსს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვიდას გედვილასს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

ლიტვის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს განხილული იქნება საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათს.

ლიტვა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვიდან პრემიერ–მინისტრი პოლონეთში გაემგზავრება და თავის პოლონელ კოლეგასთან დონალდ ტუსკთან გამართავს მოლაპარაკებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version