ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ურეკში მმართველი კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განხილვის მთავარი თემა იყო.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან თხოვა უმრავლესობას, რომ „მაქსიმალურად შეიკავონ თავი უხეში გამონათქვამებისაგან“ ოპოზიციასთან მიმართებაში და ამით პირველი ნაბიჯი გადადგან, რათა ჩაცხრეს და პოზიტივში გადავიდეს ის მუხტი, რომელიც „ხელჩართულ ბრძოლას გავს“ უმრავლესობას და უმცირესობას შორის.

„უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი ენერგია არა ერთმანეთთან კინკლაობასა და ბრძოლაში დავხარჯოთ, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გადავიტანოთ“, – განუცხადა მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო კამპანია „აგრესიის გარეშე“ უნდა წარიმართოს და მასში ყველა კანდიდატი თანაბარი პირობებით უნდა სარგებლობდეს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version