თბილისმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები ოფიციალურად მოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალურად გაუგზავნა მოწვევები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებისათვის.

„ჩვენ ოფიციალურად გავაგზავნეთ [მოწვევა] არჩევნების კონკრეტული თარიღის მითითებით ყველა ძირითად სადამკვირვებლო მისიაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც თბილისმა მოიწვია, არიან ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR), ევროპის საბჭო, სუამი, ასევე ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეები.

„უკვე გვაქვს დადასტურება, რომ ეუთოს მისია, რომელიც ოფიციალურად არის მთავარი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, დააკვირდება ამ არჩევნებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ODIHR–ი თავის სადამკვირვებლო მისიას მასპინძელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე აგზავნის. შემდგომი ნაბიჯია მასპინძელ ქვეყანაში საჭიროებათა შეფასების მისიის სახელით ცნობილი ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნა, რომელიც სადამკვირვებლო საქმიანობის მასშტაბს განსაზღვრავს; ამის შემდეგ ხდება მისიის ოფიციალური განთავსება, როგორც წესი, არჩევნების დღემდე ექვსი–რვა კვირით ადრე.

10 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ვიდეო-მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა „დღეიდანვე რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური დამკვირვებელი ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version