სახელმწიფო აუდიტის სამსახური: ნაციონალურმა მოძრაობამ ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი ლარი უკანონოდ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელიც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა 4 ივლისს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ 5.24 მილიონი ლარის ოდენობის  უკანონო შემოწირულობა მიიღო.

საქმე ეხება მთავრობის დასაქმების პროგრამიდან სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. პროგრამა წინა ხელისუფლებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამ საქმეს პროკურატურა უკვე იძიებს.

ვანო მერაბიშვილს, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრი იყო და ზურაბ ჭიაბერაშვილს, მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს, პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. მერაბიშვილი, რომელსაც სხვა ეპიზოდებზეც აქვს ბრალი წაყენებული, 2013 წლის 22 მაისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. მერაბიშვილიც და ჭიაბერაშვილიც უარყოფენ ბრალდებებს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები, რომელმაც გამოძიება პროკურატურის მოთხოვნის შედეგად დაიწყო, ეხმიანება იმ ბრალდებებს, რომლებიც პროკურატურამ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში წარადგინა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა 4 ივლისს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ „დასაქმების პროგრამის“ ფარგლებში 21 837 პირი დაიქირავა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.  

მაშინ წინა მთავრობამ გამოაცხადა პროგრამა უმუშევართა აღწერის მიზნით, რათა დაუსაქმებელი მოქალაქეების დეტალური მონაცემთა ბაზა შეექმნა მათთვის შემდგომი ტრენინგების ჩატარების და დასაქმების მიზნით. მონაცემთა შეგროვებას სოციალური მომსახურების სააგენტო კურირებდა. იმ დროს, მთავრობამ ასევე გამოაცხადა „დასაქმების აგენტების“ დაქირავების შესახებ, რომლებიც უმუშევარი მოქალაქეების რეგისტრაციას განახორციელებდნენ.

მაგრამ სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პროკურატურა აცხადებენ, რომ ეს 21 837 პირი, რომლებიც წინა მთავრობამ დაიქირავა, დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით საქმის კურსში საერთოდ არ იყვნენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასებს არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობებისთვის იღებდნენ.

„რიგი სახელმწიფო უწყებების მიერ უგულებელყოფილი იქნა დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული მიზნები“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა. „შედეგად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარის ოდენობით“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი ლაშა თორდია ხელმძღვანელობს, უფლებამოსილია შეამოწმოს პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების და ფინანსების კანონიერება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართლებრივი პროცედურები განახორციელოს, რაც შესაძლოა მოიცავდეს ფინანსურ ჯარიმას.

„ვინაიდან საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის ამნისტიის აქტის შესაბამისად სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და რადგან საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასევე იკვეთება სხვადასხვა კანონმდებლობით დასჯადი ქმედებების არსებობის ნიშნები, აღნიშნულ ანგარიში გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში. 

Exit mobile version