საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვლავ 27 ოქტომბრით შეიცვალა

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს (კვირა) გაიმართება, როგორც ეს თავდაპირველად გამოცხადდა მანამ, სანამ ის 31 ოქტომბრით (ხუთშაბათი) შეიცვლებოდა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც 3 ივლისს პრეზიდენტს მოუწოდეს რომ არჩევნების თარიღი, 31 ოქტომბერი, შეეცვალა ოქტომბრის ნებისმიერი კვირა დღით, რათა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა გაადვილებოდათ.

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას რომელიმე კონკრეტული თარიღზე „აკვიატებული“ არ ქონდა. მან ასევე განაცხადა, რომ დაავალა ბარნოვს შეხვედროდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგელებს და მოესმინა მათი არგუმენტები.

„ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტს და გადაწყვეტილება მივიღეთ ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს  – არჩევნები გაიმართება 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირა დღეს და სულ მალე ამას ოფიციალურადაც გავაფორმებთ – დღეს, ხვალ", – განაცხადა ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1 ივლისს თავდაპირველად არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი განსაზღვრა, თუმცა იმავე დღეს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს თარიღი ტექნიკური შეცდომის გამო არასწორად გამოცხადდა და არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდებოდა.

თარიღის თავდაპირველი შეცვლის გამო პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკრიტიკა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version