პრემიერი ივანიშვილი ირანთან ურთიერთობებზე საუბრობს

თბილისს თეირანთან „კეთილმეზობლური ურთიერთობები“ აქვს და ამასთანავე ირანის წინააღმდეგ გაეროს მიერ დაკისრებულ სანქციებს ასრულებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმს 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ირანთან ვაგრძელებთ მეზობლურ ურთიერთობას. ამავდროულად, ვასრულებთ გაეროს გადაწყვეტილებებს, რომ არავითარი შავი ფული და არავითარი გაუგებარი პროდუქცია, რაზეც ემბარგოა დადებული, არ მოხერხდეს და ჩვენ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ყველა ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვასრულებთ და ამავდროულად კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვაგრძელებთ ირანის სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციის მიწურულს, თუმცა არაფერი უთქვამს საქართველოს გადაწყვეტილებაზე 1 ივლისიდან ირანის მოქალაქეებისთვის 45–დღიანი უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე.  

ირანელმა დეპუტატმა ალადინ ბურუჯერდიმ გააკრიტიკა საქართველო უვიზო მიმოსვლის გაუქმების გამო და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „შეთანხმებაზერ არსებულ საკუთარ ხელმოწერებს არ სცემს  პატივს “, იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars–ი 3 ივლისს.

„ვინაიდან ტურიზმის ინდუსტრია ერთ–ერთი მომგებიანი ინდუსტრიაა მსოფლიოში, საქართველო საკუთარ თავს ბოიკოტს უცხადებს ირანთან სავიზო შეთანხმების გაუქმებით“, – იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars–ი ალადინ ბურუჯერდის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ირანის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა. 

საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს. 

შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას  – თუ 2010 წელს ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 21 300 იყო, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 89 600-ს გადააჭარბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version