ივანიშვილი NAC-ის ვიზიტის ფარგლებში რასმუსენს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ–მინისტრს:



ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 26 ივნისს თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ფოტო: ნატო

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან თბილისში 26 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო  „თანმიმდევრულად დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გახდეს ამ გაერთიანების ღირსეული წევრი“, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო „უფრო ახლოსაა“ ალიანსთან, თუმცა „სამუშაო ჯერ კიდევ რჩება“.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოდან (NAC) და ნატოს გენერალურმა მდივანმა ორდღიანი ვიზიტი თბილისში 26 ივნისს დაიწყეს.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის თანათავმჯდომარეობით ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, თავის შესავალ სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა განუცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრს: „მას შემდეგ, რაც თქვენ თანამდებობაზე მოხვედით, თქვენმა მთავრობამ რეფორმების და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოიჩინა“.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს და შემდეგ ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე თავის შესავალ სიტყვაში რასმუსენმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ოდესმე გახდება ალიანსის წევრი იმ პირობით, თუ ის ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, „ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები ბევრ სფეროში და ახლა პრიორიტეტს წარმოადგენს რეფორმების განხორციელების გაგრძელება, ასევე იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიას „ღრმად აქვს ფესვები გადგმული“ და  უზრუნველყოფა იმისა, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები „ყველაზე მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს“.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან „დაარწმუნა“ ნატოს გენერალური მდივანი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „გაცილებით უკეთესი იქნება და ტიპიურად ევროპული“.

„ეს იქნება ბოლო წერტილი იმისათვის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, ევროპაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც დარწმუნდეს და დაინახოს ახალი ხელისუფლების რეალურის სახე,  რაც კიდევ უფრო გაგვიიოლებს ნატოსკენ ჩვენ წისვლას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ჩრდილოატლანტიკური საბჭო განიხილავს „იმ სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მათ შორის როდესაც საქმე ეხება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრს უზრუნველყოს პოლიტიკური კოჰაბიტაცია და ასევე „სამართალი პოლიტიკური ჩარევის გარეშე“.

რასმუსენი და ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს ელჩები 27 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდებიან.

‘უფრო ახლოს ნატოსთან’

კითხვაზე დაუახლოვდა თუ არა საქართველო ნატოს, რასმუსენმა უპასუხა, რომ  თბილისი ახლა უფრო ახლოსაა ალიანსთან, ვიდრე 2008 წელს იყო.

„მე ვიქნები პირდაპირი, გულწრფელი, ღია და ვიტყვი – როდესაც ვუყურებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მას შემდეგ, რაც პირველად ვეწვიე საქართველოს წლების წინ დანიის მაშინდელი პრემიერ–მინისტრის რანგში [2008 წლის ნოემბერში], მაშინ ჩვენ აშკარა პროგრესი დავინახეთ და დროთა განმავლობაში საქართველო აშკარად დაუახლოვდა ნატოს, რადგანაც საქართველომ გარკვეული რეფორმები განახორციელა და კვლავაც აგრძელებს საჭირო რეფორმების განხორციელებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამუშაო კვლავ რჩება გასაკეთებელი – საქართველოს მთავრობამ იცის ეს, ჩვენ ვიცით ეს – და თანამშრომლობის გზით ჩვენ ვიმუშავებთ და საჭირო რეფორმებს გავატარებთ. ამრიგად, დიახ, საქართველო უფრო ახლოსაა, მაგრამ სამუშაო კვლავ რჩება გასაკეთებელი“, – განაცხადა რასმუსენმა.

იმავე საკითხზე პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა: „მე მგონი, რომ კარგი პასუხი გასცა [გენერალურმა მდივანმა]. თქვენ გინდათ კონკრეტულად, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თუ არის ახლოს – მე ვფიქრობ, რომ გენერალური მდივანი აერიდა ამას, მაგრამ საერთო განწყობა ასეთია, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება პროგრესი… [ოქტომბრის საპრეზიდენტო] არჩევნების შემდეგ პროგრესი იქნება გაცილებით შესამჩნევი და გამოსახატი და აღარ მოერიდებიან და ამას იტყვიან უფრო კონკრეტულად“.

მისი თქმით, იგი არ ელის, რომ ნატო ამ საკითხზე  მკაფიო განცხადებას გააკეთებს ახლა, როდესაც მისი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა დაახლოებით რვა თვეს ითვლის.

„კოჰაბიტაციის პერიოდია; პრეზიდენტი გვყავს წინა ხელისუფლებიდან და ოპოზიციონერი პრეზიდენტი გვყავს დღეს და რა თქმა უნდა, ერიდებიან, რომ წყალგამყოფი გააკეთონ ამ ორ ხელისუფლებას შორის. მე მგონი, ძალიან ღირსეული პასუხი მივიღეთ, რომ უფრო ახლოს ვართ და გავაგრძელებთ მიახლოებას და აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

‘MAP არ არის ის თემა, რომელიც უნდა აიწიოს’

აპრილში პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ნატოსგან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება დაისახა მიზნად 2014 წელს ალიანსის მომდევნო სამიტისთვის.  თუმცა, 26 ივნისს ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ MAP–ი არ არის ისეთი „თემა, რომელიც უნდა აიწიოს“. 

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა ნატოს გენერალურ მდივანს პრემიერ–მინისტრის მიერ აპრილში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს 2014 წლის სამიტისგან, ივანიშვილმა პირველმა უპასუხა და განაცხადა, რომ „რაც შეეხება MAP-ს, ჩვენ ასე არ ვაყენებთ საკითხებს პრინციპულად“.

„ჩვენ დაველოდებით; ნატოს წევრი ქვეყნები, ალიანსი განიხილავს შიგნით; შევხედავთ, რა არის რეალური, რა რეალური ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით, რა იქნება რეალისტური და იმაზე გავაკეთებთ აქცენტებს“, – განაცხადა ივანიშვილმა, „დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ეს არ არის პრინციპული და MAP–ის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული ნატოში.  MAP–ი არ არის ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენ ახალი სამიზნე გავაკეთოთ.  ჩვენ აუცილებლად პროგრესს მივაღწევთ, მაგრამ ჩვენ ტერმინებით არ უნდა დავწვრილმანდეთ და ტერმინებზე არ უნდა გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი და თანაც ნაადრევად… ჩვენ პროგრესს მივიღებთ, მაგრამ MAP–ი ნუ იქნება პროგრესის ერთადერთი ელემენტი“.

იმავე კითხვაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ნატოს 2014 წლის სამიტის დღის წესრიგი არ არის დადგენილი.

„ჯერ-ჯერობით არ გადაგვიწყვეტია, თუ როგორ იქნება განხილული ღია კარის პოლიტიკა 2014 წლის სამიტზე“, – განაცხადა რასმუსენმა, „მეორე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეალურად, საქართველომ საკუთარი გზა აირჩია იქითკენ, რისი გადაწყვეტილებაც ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ეს არის ნატო–საქართველოს კომისია, რაც რაღაც ძალიან განსაკუთრებულია. ალბათ იცით, რომ მხოლოდ საქართველოს და უკრაინას აქვთ სპეციალური კომისიები“. 

„ჩვენ ვმუშაობთ ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში, რათა იმ მიზანს მივაღწიოთ, რომელიც 2008 წლის ნატოს სამიტზე დავისახეთ. ეს არის ის, რაზეც მე და პრემიერ–მინისტრი დღეს შევთანხმდით, რომ ახლა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე მოვახდენთ ფოკუსირებას, რომლებიც საჭირო მოთხოვნების შესრულებისკენაა მიმართული და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობით ჩვენ მივაღწევთ შემდგომ პროგრესს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუსეთთან ურთიერთობები    

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან.

„ის წარმატებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გვქონდა ვაჭრობასთან დაკავშირებით, მისასალმებელია; შემაშფოთებელია ის, რაც პარალელურად ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თუ უფრო ადრე დაიწყო და ხორციელდება ე.წ. საზღვრებთან დაკავშირებით – მავთულხლართების გადმოწევა მოხერხდა ზოგიერთ ადგილზე 300 მეტრითაც“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მე დღემდე ვერ ამიხსნია; გაუგებარია იმ პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად ასეთი გაუგებრობების გატარება რუსეთის მხრიდან“.

„მე დავარწმუნე ბატონი გენერალური მდივანი, რომ ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი და თანმიმდევრულნი რუსეთთან ურთიერთობაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და მივიყვანოთ ისეთ დონეზე, რომ ამან არ შეუშალოს ხელი ჩვენს ნატოში გაერთიანებას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

როდესაც მას ნატოს გაფართოებაზე რუსეთის წინააღმდეგობის შესახებ ჰკითხეს, ივანიშვილმა უპასუხა: „ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთს არ ესიამოვნება ხვალაც, მაგრამ მთავარია, რომ ეს სიამოვნებს ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ მას ვუწევთ ძირითადად ანგარიშს. ეს [ნატოში ინტეგრაცია] არის ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი სტრატეგიაა და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სწრაფვას. ეს არის გადასაწყვეტი ჩვენი ხალხის და ნატოს წევრი ქვეყნების. გასაგებია, რომ ზოგიერთ მეზობელს და მათ რიცხვში რუსეთს შეიძლება ეს არ ესიამოვნოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ შესატყვის განმარტებებს, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს“.

‘საქართველო იმიტომ არ მონაწილეობს ISAF-ში, რომ ნატოს წევრობა მოიპოვოს’

ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც მიესალმა საქართველოს „მნიშვნელოვან წვლილს“ ISAF–ის მისიაში, განაცხადა, რომ ქართველი „ჯარისკაცები იმიტომ არ არიან ავღანეთში, რომ საქართველოს ნატოში წევრობა მოიპოვონ“.

„ავღანეთში ქართველი სამხედროები გაერთიანებული ერების მანდატს ახორციელებენ 50 ერისგან შემდგარი კოალიციის ფარგლებში… და ისინი იქ იმიტომ არიან, რომ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურონ, რადგანაც ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის ხელიდან გამოცლით, ჩვენ ქვეყნებსაც უფრო უსაფრთხოს ვხდით“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი ახალ მისიას გეგმავს 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის, რათა „გაწვრთნას, რჩევები მისცეს და დახმარება აღმოუჩინოს ავღანურ ძალებს 2014 წლის შემდეგ“.

„ეს არ იქნება საბრძოლო მისია და მადლობას ვუხდი საქართველოს მისი უწყვეტი ერთგულებისთვის ჩვენი საერთო ძალისხმევის მიმართ“, – განაცხადა რასმუსენმა.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო მზადაა ავღანეთის ოპერაციაში 2014 წლის შემდეგად შეიტანოს წვლილი; მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ჩქარ ტემპებში ახორციელებს რკინიგზაზე სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს დაუკავშირებს, რათა შემდეგ ეს მარშრუტი ავღანეთიდან ტვირთების ტრანზიტისთვის იქნას გამოყენებული.

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ მასპინძლობს. უკანასკნელად საბჭო თბილისს 2011 წლის ნოემბერში სტუმრობდა, ხოლო პირველი ამგვარი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში შედგა, რომლის დროსაც ნატო–საქართველოს კომისიას ჩაეყარა საფუძველი.

ვიზიტის მეორე დღეს ჩრდილოატრანტიკური საბჭო პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს შეხვდება უმრავლესობიდან და უმცირესობიდან. ხუთშაბათს ასევე იგეგმება ნატო-ს ელჩების  შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

27 ივნისს დაგეგმილია ასევე ანდერს ფოგ რასმუსენის არაფორმალური სამუშაო სადილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან. შემდეგ კი ნატოს გენერალური მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სააკაშვილის და რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

ხვალ ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე, ხოლო მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებს სამხედრო ცერემონიაში იმ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობით,  რომლებიც ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიას უახლოეს მომავალში შეუერთდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version