ივანიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ისრაელს სტუმრობს, 24 ივნისს პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა.

პრეზიდენტმა პერესმა განუცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომ ისრაელი „საქართველოს კარგი მეგობარია“.

„საქართველოსა და ისრაელს შორის ტრადიციული ურთიერთობები კარგია“, – განაცხადა მან.

„მე ვიცი, რომ თქვენ ებრაელი ხალხის დიდი მეგობარი ხართ… და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი დროულია და ნაყოფსაც მოისხამს“, – დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა უთხრა პრეზიდენტ პერესს: „თქვენ არ ბრძანდებით ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი, თქვენ ჩემთვის ხართ ეტალონი სიბრძნის“. მან ასევე დასძინა, რომ ისრაელი და ებრაელი ხალხი „პერსონალურად ჩემთვის განსაკუთრებული ხალხია, რომელსაც მე განსაკუთრებულ პატივს ვცემ“.

„მე ვუსურვებდი ისრაელის სახელმწიფოს, რომ მას მიეღწიოს დამსახურებული მშვიდობისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა, „დანარჩენმა მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პროცესები ისე განვითარდეს, რომ ჩვენი მხრივ ხელი შევუწყოთ, რომ ისრაელის მიწაზე დამყარდეს მშვიდობა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version