პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების განადგურება გაურკვეველი ვადით გადაიდო

კომისიამ, რომელიც შსს-ში დაცული უკანონო თვალთვალის ამსახველი მასალების განადგურების მიზნით შეიქმნა, 21 ივნისს განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურება, რომელიც 23 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ეს გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა ჟურნალისტებს პარასკევს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ გააცნეს და მიზეზად დაასახელეს ის, რომ კადრების განადგურებამდე დაინტერესებული ჯგუფების მეტი დარწმუნებაა საჭირო იმაში, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს უკანონო თვათვალის პრაქტიკა სისტემურ ხასიათს ატარებდა.

ამ მიზნით შესაძლოა შეხვედრა დაიგეგმოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდებათ ინფორმაცია შსს-ში დაცულ არქივთან დაკავშირდებით.

ინტიმური სცენების ამსახველი მასალების განადგურების გადავადებისკენ, სავარაუდოდ, უბიძგა შინაგან საქმეთა სამინისტროში 20 ივნისს გამართულმა ვიდეო-ჩვენებამ, სადაც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფს წარუდგინეს პოლიციელების მიერ ორი დაკავებულის წამების ამსახველი ვიდეოფირები, რომლებიც ხელისუფლების თქმით, სამეგრელოს რეგიონში კვირის დასაწყისში აღმოჩენილ იარაღის სამალავში იქნა ნაპოვნი და ამ კადრებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის შეფასებებმა, რომლებმაც ეჭვის ქვეშ დააყენეს ამჟამინდელი ხელისუფლების განცხადება, რომ მსგავს შემთხვევებს წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სისტემური ხასიათი ჰქონდა.

კომისიის წევრებმა მოუწოდეს პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა პირადად გაეცნოს შსს-ში არსებულ კადრებს. „მობრძანდეს და ნახოს ჩვენთან ერთად, თუ რა კატასტროფული სიტუაცია იყო ქვეყანაში ამ მიმართულებით“, – განაცხადა კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა. 

არსებული ინფორმაციით, სულ შსს-ში არსებული არქივი 12 888 უკანონო ჩანაწერს მოიცავს, აქედან ნაწილში მოცემულია პირადი ცხოვრების ამსახველი სცენები, რომელშიც ფიგურირებენ პოლიტიკოსები, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები  – სწორედ ამ კადრების განადგურება გადავადდა; ხოლო მასალების უფრო მეტი ნაწილი მოიცავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის უკანონო თვალთვალს.

კომისიის წევრების განცხადებით, შესაძლოა ცალკე შეხვედრა დაიგეგმოს პარტიების წარმომადგენლებთან, რათა ისინი უფრო დეტალურად გაეცნონ, თუ რა ტიპის უკანონო ზედამხედველობას ჰქონდა ადგილი მათ მიმართ. მასალების ე.წ. „პოლიტიკური“ ნაწილის განადგურებაზე ამ დრომდე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 21 ივნისს განაცხადა, რომ განადგურებამდე მასალების დახარისხება უნდა მოხდეს. 

ამგვარი არქივის არსებობის შესახებ პირველად ცნობილი წლის დასაწყისში გახდა, როცა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს მასალები მას შემდეგ განადგურდებოდა, როცა უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით გამოძიება დასრულდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მაისში სავარაუდოდ ამ არქივიდან ინტიმური სცენების ამსახველი ვიდეო გავრცელდა და რაშიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნა დადანაშაულებული, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არქივი დაყოვნებლივ  განადგურდებოდა. ამის შემდეგ განადგურების პროცესი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც შს მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გამოძიების დასრულებამდე შესაძლოა მისი შენახვა მომხდარიყო. თუმცა ივნისის ბოლოს, სამინისტრო დათანხმდა შექმნილიყო კომისია, რომელიც არქივის განადგურების პროცესს გაუწევდა მონიტორინგს.

კომისიაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს და დღეს უკვე მესამედ შეიკრიბა,  ასევე შედიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი და გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში.

იმავდროულად, კომისიის წევრთა, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ არქივი რომც განადგურდეს, მისი ასლები არ იყოს დაცული კერძო პირების ხელში.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია ამნისტიის აქტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შესაძლებლობას მისცემს ასეთ პირებს ნებაყოფლობით ჩააბარონ ეს მასალები და ასეთ შემთხვევაში ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version