ივანიშვილის გამოსვლა დამოუკიდებლობის დღეს



პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოდის. 

26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და დეოკუპაცია „დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია“.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ „დემოკრატიული მმართველობა, ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესი –  ეს აირჩიეს ჩვენმა წინაპრებმა“ 1918 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, „თუმცა ამ არჩევანის გამო ჩვენი ქვეყანა მალევე დასაჯა წითელმა არმიამ“.

„ჩვენ  უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება“, – განაცხადა მან, „ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და ხალხმაც“. 

„დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება,  მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია – ეს ის საკითხებია, რომლებიც  საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია, ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები“.

„სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ, სხვანაირად, უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა – ახალ ძალადობას, და აღარ დამთავრდება ქიშპი და ანგარიშსწორება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მისი თქმით, ამ გამოწვევების გადალახვაში თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველას აკისრია.

„ხელისუფლებას ძალიან დიდი ტვირთი აწევს – მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების პროცესს. ამ პროცესში კი, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მონაწილეობა. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვჯერა თქვენი შესაძლებლობების. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი თქვენი მხარდაჭერის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაგვეხმარებით, ისე გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არ დავუშვათ არსებითი შეცდომები“, – განაცხადა მან.

„პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა“, – განაცხადა მან, „პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება“.

„ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ–წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში“.

„ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ,  გაუაზრებელ მიმბაძველობას“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს „სტაბილური და  ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა“ და ძალ–ღონე არ უნდა დაიშუროს, რომ „ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად უნდა ავაშენოთ საერთო სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის“.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა ავღანეთში განთავსებული ქართველი სამხედროებიც ახსენა და განაცხადა, რომ მათი „გმირობა და თავგანწირვა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვას ემსახურება“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კვირას აღინიშნა, რომლის ფარგლებში სხვადასახვა ღონისძიებები მოეწყო დედაქალაქში და სხვა ქალაქებში ქვეყნის მასშტაბით.

სამხედრო აღლუმი არ ჩატარებულა, თუმცა თბილისში და სხვა რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ჯავშანმანქანების და საბრძოლო ტანკების გამოფენა გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version