ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 24 მაისს თბილისში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რათა მათთან 17 მაისის ჰომოფობიური ძალადობა, ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავება და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენები განეხილა.

„ძირითადი შეკითვები იყო 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაცილებით ნაკლები ყურადღება დაეთმო მერაბიშვილის დაპატიმრებას; ძალიან დაბალი ინტერესი იყო ამასთან დაკავშირებით; ალბათ, დროის 95% დაეთმო 17 მაისის მოვლენებს“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

მოგვიანებით იმავე დღეს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის შტაბბინას ესტუმრნენ და პარტიის ლიდერებთან გამართეს შეხვედრა; ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაპატიმრება ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ნაწილია. შეხვედრას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა. დიპლომატებთან შეხედრას ასევე ესწრებოდა კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ასევე დააკავეს მერაბიშვილთან ერთად, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს. ჭიაბერაშვილმა, რომელიც საქართველოს ელჩი იყო ევროპის საბჭოში და შემდეგ ელჩი შვეიცარიაში, განაცხადა, რომ მან უცხოელ დიპლომატებს მისი და მერაბიშვილის დაკავების დროს ჩადენილ პროცედურულ დარღვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს 17 მაისის მოვლენებზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურდა, რომ „მაქსიმალურად“ დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების უფლებები დაგეგმილ აქციაზე, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიციამ და ხელისუფლებამ ვერ შეძლეს ამის იდეალურად გაკეთება. თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ პოლიციის ქმედებები იმ დროს სიტუაციის ადეკვატური იყო.

სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პოლიცია იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ვერ გაატარა ღონისძიებები იმ ძალადობის აღსაკვეთად, რომელსაც 17 მაისს ჰქონდა ადგილი.  „იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე. პოლიციამ არ გამოავლინა საკმარისი ძალისხმევა, რათა უზრუნველეყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება აქციის გამართვის პროცესში“, განაცხადეს უფლედამცველმა ორგანიზაციებმა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეცრაზმის გამოყვანა და ათასობით კონტრდემონსტრანტის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უფრო გაართულებდა ვითარებას, და თბილისის ქუჩებში ძალადობას და არეულობებს გამოიწვევდა.

დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა: „მე დავარწმუნე ელჩები, რომ მომავალში ალბათობა ამისა, რომ განმეროდეს, არის ძალიან დაბალი ან საერთოდ არ იქნება“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შემწყნარებლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, „თუმცა სექსუალური უმცირესობების თემა შედარებით ახალია საქართველოსთვის“.

„მე ვფიქრობ, რომ დასკვნებს გავაკეთებთ და მომავლისთვის ხელისუფლებაც უფრო კარგი მომზადებული იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა. მან ასევე განაცხადა დეტალების დაზუსტების გარეშე, რომ აქვს „ეჭვი“, რომ ძალადობრივი ქმედება გარედან იმართებოდა.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დანმაშავეები პასუხს აგებენ. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით ოთხ პირს წაეყენა ბრალი, მათ შორის ორ სასულიერო პირს, ხოლო მანამდე ოთხი პირი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. შსს აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა „კარგი განცხადება“ გააკეთა; ილია მეორემ განაცხადა 22 მაისს, რომ სასულიერო პირები 17 მაისს განვითარებული მოვლენების დროს „უზრდელად“ იქცეოდნენ.

„ეკლესიაც აცნობიერებს და საპატრიარქოც, რომ ზოგიერთმა ეკლესიის მსახურმა გადააჭარბა კანონს და მათ პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა ივანიშვილმა.  

როდესაც მას ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ჰკითხეს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას არ სურს ასეთ „არასერიოზულ“ ბრალდებებს უპასუხოს.

„ისინი საუბრობენ იმიტომ, რომ რაღაც თქვან. რაღაც ხომ უნდა თქვან და იმას ხომ ვერ იტყვიან, რომ მათი ლიდერი … კრიმინალია; მე ამაზე რეაქციას არ ვაკეთებ; დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე შესაძლოა, თუ არა გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვამდეც მივიდეს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს პრეზიდენტიც, თუ კითხვები არსებობს“.

„პრეზიდენტი არ არის ღმერთი და არც მონათმფლობელია… ჩვენი პრეზიდენტი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია და ისევე აგებს კანონის წინაშე პასუხს, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. შესაბამისად, თუ კითხვები გაუჩნდება პროკურატურას და ეჭვი ამის არსებობს უკვე – თუ მისი პრემიერ–მინისტრი დააპატიმრეს, ძალიან დიდი ალბათობაა, მასაც დაესვას კითხვები, ეს ნორმალურია და მე მგონი, ევროპული საზოგადოება ამას აბსოლუტურად ნორმალურად მიიღებს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version