ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი წინამორბედის და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სასამართლომდე არაფრის მტკიცება არ უნდა მოხდეს. 

„მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ სასამართლოს – აი ეს არის მოკლე პასუხი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს მერაბიშვილის დაკავებიდან ცოტა ხანში.

„რომ კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების მიმართ და მათ რიცხვში მერაბიშვილის მისამართითაც კითხვები არსებობდა, მე რამდენჯერმე ვთქვი ამის შესახებ, ახლაც შემიძლია გავიმეორო. მაგრამ სანამ სასამართლო არ იქნება, ჩვენ წინასწარ არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ. დაველოდოთ, დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელებმა მერაბიშვილის და მასთან ერთად კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის კორუფციული ბრალდებებით დაკავება უკვე შეაფასეს, როგორც ივანიშვილის მიერ მიღებული „პოლიტიკური“ გადაწყვეტილება, რაც იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის „განადგურებას“ ისახავს მიზნად.

ამ ბრალდებებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ივანიშვილმა უპასუხა: „მე მგონი, რომ იმდენად სუსტია უკვე პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ მაგას ვეღარც იყენებენ. ევროპამაც, ამერიკამაც კარგად გაიგეს, რომ ჩვენ შერჩევით სამართალს არ ვაწარმოებთ. პოლიტიკური დევნა არ იქნება და მე დამატებით შემიძლია დღესაც გაგიმეოროთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ არანაირ პოლიტიკურ დევნას“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურს გამოძიების დეტალებზე საუბარი, თუმცა მოიყვანა ის გადაწყვეტილება, რომელიც სტასბურგის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიიღო. პროკურატურის განცხადებით, მერაბიშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი უახლოეს მომავალში დაუმძიმდება.   

„მე შემიძლია გავიმეორო გირგვლიანთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერი, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილიც მოიხსენიება და პრეზიდენტიც კი. პრეზიდენტის დონეზე ყველანი ხელს აფარებდნენ, ასეთი ჩანაწერია სასამართლოსი, რომ ყველა სტრუქტურები და პრეზიდენტიც კი ხელს აფარებდნენ გამოძიების ნორმალურ სვლას და ითხოვდნენ თავიდან გამოძიება, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვქონდა, გამოძიება თავიდან მიმდინარეობს და მე მგონი, დასრულების პროცესშია“, – განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა.   

„თუ კანონის დარღვევა აქვს პრეზიდენტს, მასაც ისევე მოეთხოვება, როგორც ნემისმიერ სხვა მოქალაქეს“, – დასძინა მან. 

Exit mobile version