საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენდირექტორს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

"საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ირაკლი ეზუგბაიას, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სახელმწიფოს კუთვნილი 65 მლნ ლარის მითვისება–გაფლანგვას ედავება და რომელიც ამჟამად მიმალვაშია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 მაისს დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ამ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 17 მაისს შპს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი,  გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა,  დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  „საქართვლოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან  გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც “საქართველოს რკინიგზამ” ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო.  

„ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს  65 მილიონი ლარის ზიანი“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება-გაფლანგვა) მესამე ნაწილით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი დაკავებული პირის მიმართ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე და ბრალდებულები აღმკვეთი „ღონისძიების გარეშე დატოვა“, რის საფუძველზეც ისინი განთავისუფლდნენ სასამართლო დარბაზიდან. 

მოგვიანებით გაკეთებულ განმარტებაში სასამართლოს სპიკერ–მოსამართლემ ეკა არეშიძემ განაცხადა, რომ შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ სათანადოდ ვერ იყო დასაბუთებული არათუ პატიმრობის, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები, ხოლო დაკავებისას არსებითად დაირღვა  სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები. კერძოდ, სპიკერ–მოსამართლის თქმით, ბრალდებულები დაკავებულნი იყვნენ სასამართლოს განჩინების გარეშე, მაშინ როდესაც არ არსებობდა ბრალდებულთა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა. 

„შუამდგომლობაზე თანდართული მასალების თანახმად, ბრალდებულები დაკავებამდე ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოში და მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, მათ მიმართ არ გამოყენებულა საგამოძიებო ორგანოში იძულებითი წარმოდგენის ღონისძიება, შესაბამისად,  არ არსებობდა ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე, რაც საფუძვლად დაედო მოსამართლის განჩინების გარეშე მათ დაკავებას. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ  არ არის დასაბუთებული, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
 
სასამართლო აქვე განმართავს, რომ  ირაკლი ეზუგბაიას მიმართ გამოყენებული საპატიმრო ზომა განპირობებულია იმით, რომ იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებას. 

ირაკლი ეზუგბაიამ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ გასული წლის ოქტომბერში დატოვა. 

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისი საქალაქო სასამართლოში 9 ივლისს გაიმართება.

Exit mobile version