საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 4.25%–მდე შეამცირა, რადგანაც წლიური ინფლაცია კვლავ ნულს ქვემოთ რჩება, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
წლიურმა ინფლაციამ აპრილში -1.7% შეადგინა და არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მთლიანი ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში მიზნობრივ 6%–იან მაჩვენებელზე დაბალი იქნება და მას მომავალი წლის ბოლოსთვის დაუახლოვდება, იტყობინება ეროვნული ბანკი.
ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ 2013 წლის პირველი კვარტლის 1.7%–იანი ეკონომიკური ზრდა „მოსალოდნელზე დაბალი“ იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 8 მაისს, რომ ეროვნული ბანკმა შესაძლოა შეამციროს ეკონომიკური ზრდის 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 6%–ს შეადგენს.
„სამწუხაროდ, [სტატისტიკური] მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ 6%–იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე“, – განაცხადა ქადაგიძემ. „ამის მიზეზი არის, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც გარკვეულწილად, ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან“.