ახალი ამბები

გიგი უგულავას საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და ფულის გათეთრებაში ბრალს ხვალ წაუყენებენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პარასკევს განაცხადა, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა 23 თებერვალს 14 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში "ბრალდების წაყენების და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით" –  დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების ფაქტებზე უგულავას მიმართ ბრალდების დადგენილება 22 თებერვალს იქნა გამოტანილი.

ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს – ერთი ეხება ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას“, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების სქემას, ხოლო მეორე ეპიზოდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს უკავშირდება.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ფაქტობრივად გახსნილია“ წინა მთავრობის მიერ ტელეკომპანია იმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო“. 

ტელეიმედი ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მის თავდაპირველ მესაკუთრეს, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის მდგომარეობით იმედის საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო ჯოზეფ ქეი, რომელსაც იმ დროისთვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. მას ხელისუფლების სახელით დაუკავშირდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შეხვდა და „პირდაპირი მუქარით დაიყოლია“ ტელეიმედის დათმობაზე, იმ ერთადერთი პირობით, რომ მას გიგი უგულავა აუნაზღაურებდა 10 მლნ აშშ დოლარის გაწეულ ხარჯებს.

გამოძიების ინფორმაციით, „უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი გადასცა კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია  „bordex limited“-ს, ხოლო თანხის გადახდა  განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა  შპს „ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ ქეისათვის გადასაცემად. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს,  ქ.თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით  შპს „ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყეს” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ ქეის კომპანიას „lakebrow limited”-ს  შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყეს“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით“.
 
მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, გამოძიება აცხადებს, რომ გიგი უგულავა იყო ორგანიზატორი საბიუჯეტო თანხების გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის "თვალთმაქცური დაფინანსების".

„კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს, შპს „თბილსერვის ჯგუფ“-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება,“  სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას,  თუმცა დედაქალაქის  ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან  მათ ხელფასის სახით  4 130 728  ლარი დაერიცხათ“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

დედაქალაქის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ აქტივისტების დასაქმება მისი დავალებით მოხდა. „ამიტომ მე ვიღებ სრულად პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით“, – განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს 22 თებერვალს, ვიდრე საგამოძიებო სამსახური მის შესახებ განცხადებას გაავრცელებდა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მის ამ ქმედებაში ვერ ხედავს დანაშაულს.  

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 22 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერისთვის საბიუჯეტო თანხების ასე „თვითნებურად ხარჯვის“ უფლება არავის მიუნიჭებია. „პასუხი უნდა აგოს კონკრეტულ კითხვებზე და ხალხის დასაქმებაში ნუ გადაჰყავს ეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მსგავსი/Related

Back to top button