საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 19 თებერვალს ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა.
ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, გიორგი გახარიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ის ავიაკომპანია „ლუფტანზას“ სერვისის ჯგუფის ერთ–ერთ დირექტორად მუშაობდა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში.
„მას ბიზნესის ენა კარგად ესმის, თქვენი ენა კარგად ესმის“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა 200-მდე ბიზნესმენს შეხვედრაზე, რომლის ძირითადი ნაწილიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის თუ რა სახელწოდების ქვეშ იმუშავებს და რა უფლება-მოვალეობები ექნება ბიზნეს-ობუდსმენს დაახლოებით ერთ კვირაში, მათ შორის ბიზნესმენებთან კონსულტაციების გზით დადგინდება.
„მთავარი აზრი გასაგებია, რომ თქვენ მარტივად შეგეძლოთ მიიტანოთ ამბავი ხელისუფლებამდე… თუ ვინმე ხელს გიშლით ან რამეში დამატებითი დახმარება გჭირდებათ მთავრობისაგან, რომ თქვენ ეს გამარტივებული წესით მიიღოთ. აი ეს იქნება ამისი არსი“, – განაცხადა შეხვედრის დროს პრემიერ–მინისტრმა.
გიორგი გახარიამ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას გამიზნული აქვს „უფრო მეტი ყურადღება“ დაუთმოს საშუალო და მცირე ბიზნესს, ასევე მისი ფუნქცია მხოლოდ მედიატორობით არ შემოიფარგლოს, არამედ „გახდეს ბიზნესის კანონიერი უფლებების დამცველი“ ყველა იმ სფეროში, სადაც „იქნება კონფლიქტური ზონა ბიზნესისა და სახელმწიფო ინტერებს შორის“.
ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტი მთავრობაში 2011 წლის იანვარში იქნა შემოღებული.