ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა შაბათს, რომ იგი მიესალმება „გონივრულ" წინადადებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ახალი საკონსტიტუციო დებულებების ნაწილის ვადამდელი ამოქმედების თაობაზე.

თბილისში მისი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისთვისაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და ახალი დანიშნოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.

„ასეთი ცვლილებების აუცილებლობა საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც კარგად ესმით. ეს რომ ესმით, იმიტომაც შემოგვთავაზეს გონივრული წინადადება, რომ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსტიტუციის რამდენი ნორმა ახლავე ავამოქმედოთ. მე მივესალმები ყველა გონივრულ აზრს, სახელმწიფოს ინტერესებისათვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს და მჯერა, რომ ამით მხოლოდ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა მოიგებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უფრო ფართო საკონსტიტუციო რეფორმა იქნება საჭირო, რადგანაც „სამწუხაროდ, ბევრ სხვა ხარვეზსაც შეიცავს“.

ნაციონალური მოძრაობის მოწოდებების საპასუხოდ, რომ კონსტიტუციაში საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი აისახოს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული გეზი“ არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. „ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას.  ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ  „9 წელი გვაცხოვრეს ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციით ჰქონდა გაფორმებული დიქტატურა“ და ახლა პროდასავლური კურსის საკონსტიტუციო გარანტიებს ითხოვენ. 

„ევროპა საქართველოსთვის  მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ იყო… ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა. სწორედ ამ ისტორიული მიზნის მისაღწევადაა საჭირო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და ამ გზას ჩვენი ხელისუფლება უპირობოდ ადგას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე დაიწყო ურთიერთობების დალაგება რუსეთთან.

„პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ქართული პროდუქციისთვის იხსნება რუსული ბაზარი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა:  „ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი“.

„ქართული ოცნების“ ყრილობის დროს ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ასევე იქნა არჩეული 21–წევრიანი პოლიტიკური საბჭო, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელშიც ძირითადად დეპუტატები შევიდნენ, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ასევე ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, ელისო ჩაფიძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, ზაქარია ქუცნაშვილი. პოლიტიკური საბჭოს წევრები ასევე არიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. 

ყრილობამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონალური შეკრებები გამართა, რომლის დროსაც ადგილობრივი ორგანიზაციები დააფუძნა და მათი ხელმძღვანელები აირჩია. პროცესს კოორდინაციას დავით საგანელიძე უწევდა. თუმცა, ზოგიერთ რაიონში ეს პროცესი „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის კონფრონტაციის ფონზე წარიმართა, რადგან არსებობდა უთანხმოება, თუ ვის უნდა ეხელმძღვანელა რაიონული ორგანიზაციებისთვის. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დაპირისპირებები იმ აქტივისტებმა გამოიწვიეს, რომლებიც პარტიაში ნაციონალურმა მოძრაობამ „ჩანერგა“ რეგიონალური ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესის ჩაშლის მიზნით.

ამ პროცესზე საუბრისას ივანიშვილმა  ყრილობაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ რაიონში განვითარებულ მოვლენებს „საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან“. მან ასევე განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს ძალაუფლების მოპოვებას ძალადობის გზით.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო ის ძალადობა, რასაც 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ჰქონდა ადგილი. მან ასევე განაცხადა: „მე კარგად მესმის აღელვებული, სააკაშვილისგან უფლებააყრილი ხალხის, რომელიც პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბა.  ამას მათ, რა თქმა უნდა, ვერავინ დაუშლის. მაგრამ ის, რაც მერე მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. ახლავე უნდა ვისწავლოთ ის, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით“.

„ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, მაგრამ გპირდებით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით სამართლიანობის აღდგენის გზაზე“; მას პარლამენტის მიერ ამნისტიის აქტის მიღება ჰქონდა მხედველობაში. 14 თებერვლის მდგომარეობით, ამნისტიის შედეგად ციხეებიდან 7 392 პატიმარი გათავისუფლდა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით.

ყრილობაზე გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 16 თებერვალს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე შესთავაზა ნაციონალურ მოძრაობას ერთობლივად დაეწყოთ მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების „არაძალადობრივ“ დანაშაულებს შეეხებოდა, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობისგან ამ თემაზე პასუხი არ ყოფილა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ სააკაშვილს იანვარში საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე შეახსენა, რომ „აგრესული და ძალადობრივი რიტორიკის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, რომ მათ ეფიქრათ ამნისტიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი დაისჯება და ძალიან ბევრს მოუწევს პასუხისგება, ამის სანაცვლოდ სააკაშვილმა შემახსენა, რომ უგულავას და მერაბიშვილიც არიან გმირები და ისინი სიამოვნებით დაჯდებიან ციხეში“.

„როგორც ჩანს ასე აქვს დაგეგმილი სააკაშვილს“, – განაგრძო მან, „როგორც ჩანს, სააკაშვილს ლიდერობა არ დაუკარგავს გუნდში და ემორჩილებიან; და მისი იდეოლოგიაა რაც შეიძლება მეტი ნაციონალური მოძრაობის წევრი დაისაჯოს კანონიერად“, რათა დასავლეთში წარმოაჩინონ, რომ „ეს არის პოლიტიკური დევნა“.

პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ამ მუშაობის შედეგებს მოსახლეობა მალე იგრძნობს.

მან ასევე განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს. ტრადიცია კი, პირველ რიგში, ძველის შენახვასა და გაფრთხილებას გულისხმობს. მაგრამ, ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია“.

„ეს ის ორი ძირითადი პრინციპია, რომელიც ქართული კულტურის თვითმყოფადობასა და სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს“, – განაცხადა მან. „ჩვენ ერთნაირად ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო როგორც ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სიახლეთა დამკვიდრებისას. უნდა  გვახსოვდეს, რომ კრიტიკული აზროვნებით უნდა ვუდგებოდეთ  როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ,  გაუაზრებელ მიმბაძველობას. საღი, დამოუკიდებელი აზროვნების გარეშე ვერასოდეს გავთავისუფლდებით ზედაპირულობისაგან. მე მჯერა, რომ ქართულ ტრადიციაზე, ქართულ კულტურაზე აღზრდილი ადამიანი არ განასხვავებს სხვა ადამიანს მისი ეროვნების ან რელიგიის გამო“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version