ივანიშვილი ალასანიას ვიცე–პრემიერობიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ მან თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გათავისუფლება პირველი ვიცე–პრემიერის პოსტიდან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ალასანიამ თავის პარტიასთან და პრემიერ–მინისტრის ზურგს უკან საკუთარი პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა დაიწყო და ამით არასახარბიელო ხმების გავრცელება გამოიწვია.

23 იანვარს დავოსში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც პრემიერ–მინისტრი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას გათავისუფლების თაობაზე მისი გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ შორის იგივე ურთიერთობებია შენარჩუნებული. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანია ამ გადაწყვეტილებას „გაგებით მოეკიდა“.

„მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „მან მოახერხა და თავის გუნდში, ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავი [პრეზიდენტობის] კანდიდატად. შემდეგ ვიწრო ჯგუფში ნათქვამი გარეთ გავიდა და დასრულდა იმით, რომ ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები ამის შესახებ“.

მისი თქმით, ეს იყო „ირაკლის პატარა შეცდომა“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც მან ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ მეტი ყურადღება დაეთმო საკუთარი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განვითარებისთვის, მათ შორის რეგიონებში, მან წინასწარ აცნობა ამის თაობაზე და კონსულტაციები გამართა კოალიციის სხვა წევრ პარტიებთან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხმებმა ალასანიას შესაძლო გაპრეზიდენტების თაობაზე უარყოფითი გავლენა იქონია კოალიაცია „ქართულ ოცნებაზე“ რეგიონებში, ვინაიდან რამდენიმე ადგილობრივმა აქტივისტმა და ოფიციალურმა პირმა ამ ხმების ბოროტად გამოყენება დაიწყო. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მისი პარტიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა ოზურგეთში უთხრა მას, რომ მასთან ადგილობრივი პოლიციის უფროსი მივიდა და უთხრა, რომ დაეტოვებინა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ალასანიას პარტიაში გაწევრიანებულიყო, ვინაიდან ალასანია პრეზიდენტი გახდებოდა.

„ის ელემენტარული გაუფრთხილებლობა, რაც ირაკლიმ გამოიჩინა და შიგნით განიხილა და ვერ მოახერხა ეს ჩვენთან, კოალიციასთან განხილვა და ჩემთან შეთანხმება, შემდეგ გუნდმა ეს გაიტანა და სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში. აი, ეს გაუგებრობა მოხდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, ეს რომ არ მომხდარიყო, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება და ეს ნორმალურია.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას გათავისუფლება ვიცე–პრემიერის პოსტიდან ისევ რეგიონებისთვის იქნება გამოსადეგი, რომ „ეს ხმაური ჩამთავრდეს“.

„ირაკლისთვისაც არაფერი ცუდი არ იქნება ამაში, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე. ეს ძალიან სერიოზული სამინისტროა, კარგად მოგეხსენებათ; ნატოსთვის ვემზადებით და ნატოს პროგრამებზე ვმუშაობთ აქტიურად და მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ირაკლი არის ჩვენი გუნდის წევრი, არის მთავრობის წევრი და კოალიციის წევრი“, – დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრის განცხადებამდე რამდენიმე საათით წინ ალასანიამ  23 იანვარს განაცხადა, რომ ივანიშვილმა იმიტომ გადაწყვიტა მისი გათავისუფლება ვიცე–პრემიერის პოსტიდან, რომ მან ფოკუსირება მთლიანად თავდაცვის სამინისტროზე მოახდინოს. ალასანიამ უარყო რაიმე „გაუგებრობის“ არსებობა პრემიერ–მინისტრთან.

22 იანვარს, სანამ პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილება საჯარო გახდებოდა, ალასანიამ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ საუბრისას, რომ მას „მძიმე“ საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის თემაზე. ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პარტიის „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ შიგნით მსჯელობა გაიმართა კოალიციისთვის საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის შეთავაზების შესახებ.

„მე არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა [პარტიაში] ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად“, – განაცხადა ალასანიამ. „მე მთლიანად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანდიდატურა უნდა იყოს შეჯერებული კოალიციასთან და მის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version