პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ასობით მომიტინგე კვირას თბილისში პრეზიდენტის სასახლის წინ შეიკრიბა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

მომიტინგეების თქმით, 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა სააკაშვილს, რომელიც ამ პოსტზე 2008 წლის 20 იანვრიდან მსახურობს, უკვე ამოეწურა. თუმცა კონსტიტუციაში 2006 წლიდან არსებობს ცალკე ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ხუთწლიანი ვადით ირჩევა. მიხეილ სააკაშვილი მეორე ხუთწლიანი ვადით 2008 წლის იანვარში გამართულ ვადამდელ არჩევნებზე იქნა არჩეული. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევის შემდეგ სააკაშვილი გადადგა. იგივე კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2013 წლის ოქტომბერს ადგენს; შედეგად, პრეზიდენტის სააკაშვილის საბოლოო ვადა 5 წელიწადს და ცხრა თვეს გრძელდება.  

აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერია, განაცხადა, რომ ახლა პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს, რომ პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოიწურა.

აქციის ორგანიზატორებს შორის ასევე იყვნენ ნაკლებად ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“. ორგანიზატორების თქმით, რომლებიც აცხადებენ, რომ დაახლოებით ერთი მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები კიდევ ცხრა დღეს გაგრძელდება.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან ცოტა ხანში „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ამჟამად პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის შემდეგი „ლოგიკური და სწორი“ სვლა იქნება გადადგომა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. ნოემბერში ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა დარჩეს პოსტზე და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. თუმცა, ეს გეგმა შეიცვალა და დეკემბრის ბოლოს პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მოამზადეს, რომელიც პარლამენტს ჯერ არ განუხილავს და რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ინარჩუნებს ყველა თავის უფლებამოსილებას გარდა იმ ერთისა, რომელიც მას ახალი მთავრობის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას არ დაამტკიცებს.

პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც 21 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით, 17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მიაჩნდა თუ არა მას, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი საპროტესტო აქციის უკან „ქართული ოცნება“ იდგა; სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობა  ოპოზიციის წინააღმდეგ ყოველდღიური აქციების მოწყობითაა დაკავებული.  

„არ ვიცი, რომელიმე სახელმძღვანელოში ამოიკითხეს, თუ მათი ინსტინქტები კარნახობთ ამას, მაგრამ მგონია, რომ ჯობია, ეს ხალხი დაკავდეს საქმის კეთებით, ვიდრე იმის თქმით, რომ ისინი არიან საფრთხეში, საქმის კეთებაში ვინმე უშლით ხელს?  და ამიტომ, ხალხი უნდა გამოიყვანონ ქუჩაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის მთავრობები, რომელთაც ხალხი ქუჩაში გამოყავთ, როგორც წესი, მალე და ძალიან ცუდად ამთავრებენ.  

დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის ყველაზე მსხვილ ფრაქციას თავმჯდომარეობს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება „არ უნდა აღმოჩნდეს წამახალისებელი იმ პროცესის, რა პროცესებმაც ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი ნიშნით დაპირისპირება“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს „ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადა კალენდრის მიხედვით, დიახაც, ეწურება 20 იანვარს“.

„სახეზეა, რომ გვეყოლება ვადაგასული პრეზიდენტი“, – განაცხადა მან, „ვადაგასული პრეზიდენტი დარჩება პოსტზე თუ წავა, ეს მის სინდის-ნამუსზე იყოს“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version