ივანიშვილი: საქართველო ISAF–ის ერთგული უნდა დარჩეს

საქართველომ უნდა განაგრძოს მონაწილეობა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შაბათს.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰელმანდის პროვინციაში დეკემბერში გაუჩინარებული სერჟანტ გიორგი კიკაძის დაკრძალვას დაესწრო.  კიკაძე 29 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. რუსთავში დაკრძალვას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

„თვითონ პროცესი, ის, რომ ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში იღუპება, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი ჯარების მონაწილეობა მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა და ჩვენ მომავალშიც ამაზე არათუ უარს ვერ ვიტყვით, არამედ უნდა გავაძლიეროთ და გავამაგროთ ჩვენი როლი ამ პროცესებში, რამეთუ საერთაშორისო იმიჯს უქმნის ეს ჩვენ ქვეყანას, მაგრამ უნდა შევეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსხვერპლი რაც შეიძლება ნაკლები იყოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველომ ავღანეთში 19 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. რვა მათგანი გასულ წელს დაიღუპა.

ISAF–ის ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობამ ოქტომბერში 1 560 სამხედროს გადააჭარბა, რითიც საქართველო ნატოს ის უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version