პუტინი: საქართველოსთან სავაჭრო საკითხების „დეპოლიტიზირება“ უნდა მოხდეს

რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის საკითხის „დეპოლიტიზირება“ უნდა  მოხდეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 20 დეკემბერს.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა მას, რამდენად სწრაფად დაბრუნდებოდა ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ვმო–ს წევრი გახდა.

„უნდა ვნახოთ ჩვენი ვალდებულებები ვმო–ს ფარგლებში და თუ ეს უნდა გავაკეთოთ, მაშინ ამას გავაკეთებთ. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები. ჩვენთვის ეს არ არის არსებითი, შესაძლოა ქართული ეკონომიკისთვის ეს უფრო შესამჩნევია“, – უპასუხა პუტინმა.

„საქართველომ მოხსნა თავისი წინააღმდეგობა რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე და ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. მე შევხედავ ამ პრობლემას; ალბათ ის არსებობს. მისი დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთმა ქართული მინერალური წყლების და ღვინის იმპორტი 2006 წელს აკრძალა მომხმარებელთა უსაფრთხოების მოტივით; საქართველოს ხელმძღვანელობამ ამას პოლიტიკური ქმედება უწოდა.

საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკაცრ რიტორიკას მოყვა რუსეთის გადაწყვეტილება ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version