ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდი

თბილისის, მოსკოვის და ვაშინგტონის მომლაპარაკებლებმა, ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლებმა 12 დეკემბერს ჟენევაში მოლაპარაკებების 22-ე რაუნდი გამართეს, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც საქართველოში ოქტომბრის ბოლოს მთავრობა შეიცვალა.

ქართველი მომლაპარაკებლების ახალ გუნდს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე უძღვებოდა. ვაშაკიძე წინა ხელისუფლების დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა ჟენევის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მეორე კი – ჰუმანიტარულ თემებს. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გარკვეული „პროგრესი“ აღნიშნა პირველ სამუშაო ჯგუფში, ვინაიდან მონაწილეებმა განაგრძეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობა. პროექტი თანათავმჯდომარეებმა მოლაპარაკებების წინა რაუნდზე წარმოადგინეს. ვაშაკიძემ განაცხადა, რომ მართალია წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონაწილეებმა ერთობლივი განცხადების პროექტის ტექსტზე დაიწყეს მუშაობა, უკვე დადებითი განვითარებაა.

თუმცა მეორე სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს, როგორც ვაშაკიძემ განაცხადა, მონაწილეებმა სოხუმიდან, ცხინვალიდან და მოსკოვიდან არ გამოიჩინეს კონსტრუქციული მიდგომა და დატოვეს დისკუსიები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლები ჟენევაში ძალიან კონკრეტული და პრაქტიკული წინადადებებით ჩავიდნენ, მათ შორის ახალგორის რაიონის გაზმომარაგების შესახებ.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამ კონკრეტულ საკითხებზე მომხდარიყო ყურადღების გამახვილება, იყო მცდელობა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებულ უშედეგო დისკუსიებზე მომხდარიყო ფოკუსირება.

ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ, გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ მიუხედავად უთანხმოებისა გარკვეულ საკითხებზე, ამ რაუნდმა აჩვენა, რომ ყველა მონაწილე პროცესის ერთგული რჩება და მზადაა განაგრძოს დისკუსიები.

მან ასევე განაცხადა, რომ ადგილზე სიტუაცია შედარებით მშვიდი და სტაბილური რჩება; მან ეს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიღწევებს დაუკავშირა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება. გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველა ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა. ამ მექანიზმის ფარგლებში აფხაზეთის მიმართულებით შეხვედრები მარტის მერე არ გამართულა მას შემდეგ, რაც სოხუმმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.
 
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო, 23-ე რაუნდი 2013 წლის 26-27 მარტსაა დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version