ლავროვის თქმით, ივანიშვილის სპეციალურ წარმომადგენელთან ‘კონტაქტები’ იგეგმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 9 დეკემბერს, რომ „უახლოეს მომავალში“ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან „კონტაქტები“ იგეგმება იმ კონტექსტის გასარკვევად, რომელშიც თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობას.

„იმ ფონზე, როდესაც გაწვდილია ხელი ეკონომიკის [სფეროში თანამშრომლობის] კუთხით, იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოსთვის პრაქტიკული ინტერესის სფეროს წარმოადგენს, და პარალელურად შენარჩუნებულია ასეთი მკაცრი კურსი, რომ არ იქნას დანახული ახალი რეალიები, ჩვენ გვინდა, რომ გავარკვიოთ ჩვენი ქართველი მეზობლების ინტერესის კონტექსტი“, – განაცხადა ლავროვმა.

„ჩვენ ვუპასუხებთ ზურაბ აბაშიძის შემოთავაზებას, რომელიც მან საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში გააკეთა. ჩვენ გვექნება მასთან კონტაქტები უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ლავროვმა და იმედი გამოთქვა, რომ „ამ შეხვედრაზე რაიმე გაირკვევა“.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტად უნდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ჩვენ მზად ვართ გონივრული ნაბიჯებისთვის, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ გვინდა გავიგოთ ეს კონტექსტი“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მას სურს ამის გაგება განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო მყარად იცავს ნატოში ინტეგრაციის კურსს. 

1 ნოემბერს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დანიშნა.

„მათ [რუსეთის ხელისუფლებას] აქვთ გარკვეული წითელი ხაზები, რომლის გადალახვას ისინი არ აპირებენ, მათ არაერთხელ დაადასტურეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უარყოფას ისინი არ აპირებენ; ჩვენც გვაქვს ასეთი წითელი ხაზები“, – განაცხადა აბაშიძემ 1 ნოემბერს და დასძინა, რომ ეს „წითელი ხაზებია“ საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და მისი თავისუფლება აირჩიოს ალიანსები ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

„მაგრამ სანამ ამ წითელ ხაზებამდე მივალთ, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ არსებობს სხვა პრობლემები, სადაც ჩვენ საერთო შეხების წერტილები შეიძლება ვიპოვოთ და ისინი ნაბიჯ–ნაბიჯ მოვაგვაროთ, თუნდაც სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურული ურთიერთობები, ჰუმანიტარული კავშირები და ა.შ.“, – განაცხადა აბაშიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version