პრემიერ–მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა

პრემიერი–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა, სადაც  ძირითადად კოალიციაში დისციპლინის,  მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის საკითხები განიხილეს. 

„პრობლემა, რაც გამოიკვეთა ჩვენი შეხვედრის შემდგომ გახლავთ ის, რომ სუსტია კოალიციური დისციპლინა… ამ კოალიციის დისციპლინის გამკაცრებაზე ვისაუბრეთ.  ვისაუბრეთ კოორდინაციაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის, შიდა დისციპლინაზეც საპარლამენტო თუ სამთავრობო წრეებში“, – განუცხადა დაახლოებით სამსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 

შეხვედრის დასაწყისში პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადებები კეთდება შეუთანხმებლად. მე მგონი, ბევრი აღარ კითხულობს ჩემს გამოსვლებს და განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები“.

ივანიშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ის რეფორმები, რომლის გატარებასაც გეგმავს ხელისუფლება უახლოეს პერიოდში.  

პრემიერმა არ გამორიცხა, რომ მსგავსმა შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი მიიღოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version