საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უჭერს მხარს

სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ თავის კანდიდატად უჩა ნანუაშვილი დაასახელა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნებიდან“ მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ნანუაშვილი, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორია, „იქნება საკმაოდ კვალიფიციური სახალხო დამცველი“ და ამ სფეროში „ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის“.

„თითოეული ადამიანის უფლების და თანასწორობის დაცვა – ეს არის მთავარი პრიორიტეტები ჩემთვის“, – განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში 3 დეკემბერს.

მას დღეს სახალხო დამცველის კიდევ ერთ კანდიდატთან თამარ გურჩიანთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდა. კობახიძის თქმით, კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება „რთული იყო“, ვინაიდან „საკმაოდ ღირსეული კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილნი“. 

დასახელებულ კანდიდატებს შორის იყვნენ ასევე ნინა ხატისკაცი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი; ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელი; და ლია მუხაშავრია ორგანიზაციიდან „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“.   

თავდაპირველად, საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ობუდსმენის კანდიდატად ნინა ხატისკაცს უჭერდა მხარს, თუმცა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინიტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ ისინი სხვა კანდიდატურებსაც მოუსმენდნენ.

22 ნოემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა სახალხო დამცველის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხატისკაცის დასახელებით საპარლამენტო უმრავლესობამ „ფორმა დაარღვია“, ვინაიდან მისი სურვილი იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მისცემოდა კანდიდატის გამოვლენის საშუალება.

„რაღაც ეტაპზე ეს ფორმა დაირღვა და ახლა ვცდილობთ ეს აღვადგინოთ. ერთ-ერთ კანდიდატად უჩა ნანუაშვილი განიხილება“, – განაცხადა ივანიშვილმა დაახლოებით ორი კვირის წინ.

სახალხო დამცველის პოსტი 20 სექტემბრიდან არის ვაკანტური მას შემდეგ, რაც ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა, ციხის სკანდალის შემდეგ. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ტუღუშს, რომელმაც მინისტრად სულ ხუთი კვირა იმუშავა, სახალხო დამცველის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება არ ჰქონდა დაწერილი, რის გამოც ახალმა პარლამენტმა მას უფლებამოსილება ვადამდე საგანგებო გადაწყვეტილებით შეუჩერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version