ზესტაფონის გამგებელი დაკავებულია

იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და იმერეთის  საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დღეს ზესტაფონის რაიონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს.

გეწაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები წარედგინა. ესენია: ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და  სხვისი ნივთის დაზიანება, რაც მაქსიმუმ შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურამ განაცხადა, რომ გეწაძე იმ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელსაც ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში 2011 წლის მაისში ჰქონდა ადგილი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ერთ–ერთ ოჯახში გამართული ბანკეტის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კახა გეწაძე გამოირჩეოდა "აგრესიითა და ქედმაღლობით, საუბრობდა ხმამაღლა, იყენებდა უცენზურო სიტყვებს და ზოგადად ამჟღავნებდა აგდებულ და ცინიკურ დამოკიდებულებას სხვებისადმი". მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, გეწაძემ იქ მყოფი ერთი პირი სცემა და მას სხეულის დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ საკუთარი მანქანიდან ამოიღო „CZ"-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარი რამდენჯერმე დაარტყა იმერეთის მხარის ადმინისტრაციის კუთვნილ „TOYOTA PRADO"-ს მოდელის ავტომობილის საქარე მინას, რომლის დაზიანებით სახელმწიფოს 1550 ლარის ზიანი მიადგა.

გეწაძე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ზესტაფონიდან 2008–2012 წლებში, ხოლო ზესტაფონის გამგებლად ის ადგილობრივმა საკრებულომ 2 ნოემბრის სხდომაზე აირჩია, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო გეწაძის დაკავება და მას ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებული „პოლიტიკური დევნა“ უწოდა.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ დაწყებულია მასირებული შეტევა ყველა იმ თვითმმართველობაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს ქართული ოცნება“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა.

მისი თქმით, სხვადასხვა საკრებულოების თავმჯდომარეებზე ხელისუფლების „ზეწოლა“ ხორციელდება, რათა მათ თანამდებობები დატოვონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მათ სამართლებრივი დევნით ან ფინანსური გამოძიების დაწყებით ემუქრებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version