მედვედევი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ

მოსკოვი მზად არის საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგისთვის, თუმცა „რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გათვალისწინებით“, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში 29 ნოემბერს.

„მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მე არ ვარ მზად ერთ მაგიდასთან დავჯდე, არის მიხეილ სააკაშვილი. მან ომი დაიწყო, დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე, სხვა ხალხების წინაშე ჩაიდინა, რომელთა სიკვდილშიც ისაა დამნაშავე“, – განაცხადა მედვედევმა.

„ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი [ბიძინა ივანიშვილი] – უკვე სხვა თაობაა პოლიტიკოსების; ვნახოთ, როგორი იქნება მისი რეალური ქმედებები“, – განაცხადა მან, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ის მზად საქართველოს ახალ პრემიერ–მინისტრთან შესახვედრად.

„გარკვეული სიგნალები მოდის [თბილისიდან], რომ კარგი იქნებოდა კონტაქტების დალაგება,  ჯერჯერობით არა დიპლომატიურ დონეზე; თუმცა შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა და არა რუსეთმა. ამ სიგნალებს ძალიან ყურადღებით მოვეპყრობით“, – განაცხადა მედვედევმა.

„ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ აღდგეს ჰუმანიტარული თანამშრომლობა; ჩვენ გვაქვს ფრენები, მადლობა ღმერთს, კონტაქტები ადამიანებს შორის გრძელდება, შენარჩუნებულია კულტურული ურთიერთობები, ასევე შეიძლება აღდგეს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები“, – განაცხადა მან.

„ეს არ არის ყველაზე მარტივი გზა, მაგრამ რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური რეალობების და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით“, – განაცხადა მედვედევმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version