პარლამენტმა 21 ნოემბერს შექმნა ორი დროებითი კომისია – ერთი მათგანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე იმუშავებს, მეორე კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას შეისწავლის.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს, რომელიც 2004-2007 წლებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. კენჭისყრაზე მან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზე, დეპუტატ შოთა მალაშხიაზე მეტი ხმა დააგროვა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ანალოგიურ კომისიას ხელმძღვანელობდა. ახლადშექმნილი კომისია 12 წევრისაგან დაკომპლექტდა და მისი უფლებამოსილების ვადა ორი წლით განისაზღვრა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში 10 წევრი შევა.
2012 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო უწყებების კონტროლის უფლებამოსილებებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის ფუნქციაც დაემატა, რომლის განხორციელებისას ამ უწყების მიმართ გამოითქმოდა პრეტენზიები წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მაშინდელი მმართველი პარტიისადმი მიკერძოების თაობაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი და მისი მაშინდელი მოადგილე თინა ბოკუჩავა ამჟამინდელი პარლამენტის წევრები არიან ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო ამ უწყებას ივლისიდან ყოფილი დეპუტატი ასევე ნაციონალური მოძრაობიდან ლაშა თორდია ხელმძღვანელობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თომას მელიამ ოქტომბერში განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის აღსრულება წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად მოტივირებულად ხდებოდა ძირითადად კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის ნაციონალურ მოძრაობასთან პარტიული კავშირები ამყარებდა იმ მოსაზრებებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიკერძოებულად მოქმედებდა.