პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ის „შეშფოთებულია“ ახალი მთავრობის ბოლო დროინდელი ქმედებებით, რაც უკავშირდება შეიარაღებულ ძალების მაღალჩინოსანთა დაკავებას და საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური შემოწმების დაწყებას.
„ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო იმიტომ, რომ დღეს როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა. ევროპული ორიენტაცია და საქართველოს განვითარება და წინსვლა ეს არ არის ზოგადი კატეგორიები, ეს ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს და ეს კრიტერიუმები არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უფლებების პატივისცემა, ეს არის კანონის უზენაესობის დამკვიდრება ყველა დონეზე, ეს არის ინსტიტუტების პატივისცემა“, – განაცხადა მან თავის სატელევიზიო მიმართვაში.
„ინსტიტუტების პატივისცემა არის ჩვენი შეიარაღებული ძალების პატივისცემა“, – განაგრძო მან, „ჩვენ გვესმოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადანაშაულება საქართველოსი იმაში, რომ საქართველომ გააჩაღა ომი და საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის რუსეთის აგრესიაში, ჩვენ მოვისმინეთ ეს არჩევნების შემდეგაც, სამწუხაროდ, და მე ვფიქრობ ამას არ მიიღებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სიმართლე მშვენივრად იცის“.
„და დღეს დილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ–ერთი გმირი – და მე არ მინდა შევეხო ბრალდებას, რომლითაც ის არის დაკავებული სხვა პირებთან ერთად – არის დაკავებული ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში“.
„კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც ეს კანონები უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, „სრულიად მიუღებელია“ ასევე ისეთ ინსტიტუტში ჩარევა, როგორიცაა მასმედია, „რომლის არა მხოლოდ მოწოდებები ისმის ახლა, არამედ პირდაპირ განხორციელდა დღევანდელი დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და ასევე ის მუქარები, რომელიც ისმის სხვა თავისუფალი მედიის საშუალებების მისამართით“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი მოვლენები ნამდვილად არ გვეხმარება“ და „სერიოზულ დაბრკოლებებს“ ქმნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში, რა კუთხითაც „ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა რეალური შანსი მიგვეღწია წარმატებას“ დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე.
„ამიტომ როგორც არასდროს ჩვენ უნდა დავდგეთ ყოველგვარი შურისძიების, ბოღმის, სიმწრის, პიროვნული მიღება არ მიღების ზემოთ და შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანური ლაპარაკი. კარგი ნუ დავეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ერთმანეთთან არ დათანხმების დროს, დავანგრიოთ მთავარი რამე, რაც არის შექმნილი“, – განაცხადა მან.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ და მინდა მოუწოდო ყველა მონაწილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპარლამენტო უმცირესობასაც, ორივე დიდ პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ახალ მთავრობას, საქართველოს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს, აღვივსოთ პასუხისმგებლობით, გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ეს რაც ხდება ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის უახლოეს პერიოდში და გრძელვადიან ბედს და პერსპექტივებს ეხება და აქედან გამომდინარე გადავდგათ კარგად აწონდაწონილად და მოფიქრებულად თითოეული ნაბიჯი. რამე ისეთი არ გავაკეთოთ, რამაც შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ჩვენ ხალხს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენი შვილების მომავალს“.
„მე ვგრძნობ ამაზე პასუხისმგებლობას, მე მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან და მზად ვარ ყველას ველაპარაკო, ვისაც აქვს სურვილი დიალოგის და ჩვენი ქვეყნის წინსვლის“, – განაცხადა სააკაშვილმა.