ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე „მოწმის სახით“ დაიკითხება.
„საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“, – განაცხადა ახალმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს საღამოს და დასძინა, რომ ახალაია დაკითხვაზე 6 ნოემბერს 20:30 საათზე უნდა მივიდეს.
კბილაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქმე ეხება „ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს“.
„კონკრეტული დეტალები ამასთან დაკავშირებით საჭიროებს გადამოწმებას, რის გამოც ბატონი ბაჩანა ახალაია მოწმის სახით არის გამოძახებული“, – განაცხადა კბილაშვილმა, თუმცა საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ახალაია, რომელმაც გავრცელებული ცნობების თანახმად საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, 5 ნოემბერს განაცხადა რომ ის საქართველოში დაბრუნდა და მზად არის მის წინააღმდეგ მიმართულ ყველა „აბსურდულ“ და „სულელურ“ ბრალდებას უპასუხოს.
ახალაია, რომელიც 2005–2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, ვიდრე თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, 2012 წლის ივლისში შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მას შემდეგ, რაც პატიმართა ცუდი მოპყრობის თაობაზე ვიდეოები გავრცელდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ახალაია საზოგადოებრივი აღშფოთების ერთ–ერთი სამიზნე გახდა იმ არსებული ვარაუდების გამო, რომ იგი არაფორმალურად კვლავ აკონტროლებდა სასჯელაღსრულების სისტემას. თუმცა, ახალაია აცხადებს, რომ ეს ერთ–ერთია იმ „აბსურდული“ ბრალდებების კასკადიდან, რომელიც მის წინააღმდეგ გახმოვანდა.