პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარე აირჩია

ფრაქციებისა და სპიკერატის დაკომპლექტების შემდეგ, ახალმა პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია  – ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელია და უალტერნატივო კანდიდატად იყო წარდგენილი. 

15 საპარლამენტო კომიტეტიდან ცხრას ივანიშვილის პარტიის, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრები ჩაუდგნენ სათავეში, ირაკლი ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" და რესპუბლიკელებმა 2–2 კომიტეტის ხელმძღვანელობა ჩაიბარეს, ხოლო თითო თავმჯდომარე ჰყავს მრეწველებსა და ეროვნულ ფორუმს:

ბიძინა ივანიშვილის მიერ თავდაპირველად წარდგენილ შემადგენლობაში ორი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, დეპუტატ ნოდარ ხადურის ნაცვლად, რომელიც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩა ზურაბ ტყემალაძე, რომელმაც ამ თანამდებობის დაკავებამდე უარი თქვა ვიცე–სპიკერის პოსტის დაკავებაზე; ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავდაპირველად წარდგენილი გია ცაგარეიშვილის, თავისუფალი დემოკრატების წევრის ნაცვლად, ზურაბ ზვიადაურმა, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩაიბარა, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრია.

თავმჯდომარეების არჩევამდე პარლამენტმა დადგენილებით განსაზღვრა, რომ კომიტეტებში 14–12 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. 14–წევრიან კომიტეტებში ქართული ოცნებიდან 8, ნაციონალური მოძრაობიდან კი 6 დეპუტატი შევა; ხოლო 12–წევრიან კომიტეტებში უმრავლესობას 7, საპარლამენტო უმცირესობას კი 5 დეპუტატი ეყოლება.
 
კომიტეტები პირველივე სხდომაზე აირჩევენ თავმჯდომარის მოადგილეებს. სამი მოადგილიდან ერთ–ერთი უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version