თბილისის მერია საკუთარ უსაფრთხოების სამსახურს ქმნის

თბილისის მერია ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც მერიის ობიექტების, ადმნისტრაციული შენობების, პარკების და ბაღების უსაფრთხობას უზრუნველყოფს.

ახალი უსაფრთხოების სამსახურის დებულების თანახმად, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ 9 ოქტომბერს დაამტკიცა, სამსახური საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებასაც დაიცავს.

თბილისის მერს გიგი უგულავას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მოკავშირეა და მერის პოსტზე 2010 წლის მაისში იქნა არჩეული ოთხი წლის ვადით, უფლება ექნება დანიშნოს და გაათავისუფლოს უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც მერის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

ახალი სამსახურის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხები თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რომელიც თბილისის 50–წევრიანმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. ამჟამად, საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა 36 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

ახალი სამსახური შვიდი განყოფილებისგან შედგება. მათ შორისაა: სწრაფი რეაგირების განყოფილება; ასევე ცალკე განყოფილებები, რომლებიც თბილისის მერიის სხვადასხვა ობიექტების და ადმინისტრაციული შენობების, ასევე პარკების და ბაღების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება არ ექნებათ, იტყობინება „ინტერპრესნიუსი“. მისივე თქმით, ამგვარი სამსახურის შექმნის მიზანი თანხების დაზოგვაა.

გასულ კვირას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც ორი უწყება, რომლებიც ადრე სამინისტროების კონტროლს ექვემდებარებოდა, მის დაქვემდებარებაში გადავიდა.

პრეზიდენტის 5 ოქტომბრის ბრძანებულებით, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა; ეს უკანასკნელი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა არის სპეციალური საკომუნიკაციო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების ერთიანი დახურული ქსელი, რომელიც უსაფრთხო კომუნიკაციას უზრუნველყოფს მაღალჩინოსნებისთვის, მათ შორის პრეზიდენტისთვის, პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებისა და სხვა ოფიციალური პირებისთვის.  

ასევე 5 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. მანამდე სააგენტო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
 
„მიგვაჩნია, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ახალი პარლამეტისა და მთავრობის ფუნქციონირების დაწყებამდე ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის და საჭიროებს დამატებით განმარტებებს საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

Exit mobile version