ივანიშვილმა საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა

8 ოქტომბერს მინისტრობის კანდიდატების დასახელებასთან ერთად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალარჩეულ პარლამენტში მომავალი თანამდებობის პირებიც წარადგინა. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდება, რომელიც მოქმედი კონსტიტუციით, ქვეყანაში მნიშვნელობით რიგით მეორე თანამდებობაა პრეზიდენტის შემდეგ. 

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მანანა კობახიძე, პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე დასახელდა; კოალიციიდან ვიცესპიკერები იქნებიან ასევე: კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური; მრეწველთა ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე; და ზურაბ აბაშიძე, „თავისუფალი დემოკრატებიდან“. 

ჯერ–ჯერობით უცნობია აჭარიდან რომელი მაჟორიტარი დეპუტატი შეავსებს კუთვნილ კვოტას სპიკერატში, სადაც არაუმეტეს სამი მოადგილის თანამდებობაა გათვალისწინებული უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ჯგუფებისთვის. 

8 ოქტომბერს დავით უსუფაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად  დავით საგანელიძის კანდიდატურა განიხილება. მან ასევე განაცხადა, რომ კოალიციაში ჯერ–ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ფრაქციით იქნება ის პარლამენტში წარმოდგენილი.

15 საპარლამენტო კომიტეტიდან რვას ივანიშვილის პარტიის, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრები ჩაუდგებიან სათავეში, ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატები" და რესპუბლიკელები 3–3 კომიტეტის ხელმძღვანელობას ჩაიბარებენ, ხოლო ერთი კომიტეტის მმართველობა შესაძლოა ეროვნულ ფორუმს ერგოს:   

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი პირველივე სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, ქმნის ფრაქციებს, რომლებმაც შესაძლოა ასევე შეიძინონ უმრავლესობის ან უმცირესობის სტატუსი; ასევე ქმნის კომიტეტებს და ირჩევს მათ თავმჯდომარეებს და განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version