ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველი პოლიციელი გაათავისუფლეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იტყობინება, რომ ცხინვალის რეგიონში მომხდარი სროლის ინციდენტის შემდეგ დაკავებული ქართველი პოლიციელი გაათავისუფლეს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ყველა მხარეს შორის გამოვლენილი  თანამშრომლობის ხარისხს 2012 წლის 29 სექტემბერს ქარძმანის/პერევის მახლობლად მომხდარი შესაძლო სახიფათო შედეგების გამომწვევი სროლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც საქართველოს პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს. 1 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ქართული მხარისადმი მისმა გადაცემამ სიტუაციის სწრაფ მოგვარებამდე მიგვიყვანა“, – იტყობინება მისია 2 ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ ის ამ საკითხის სწრაფი მოგვარების ხელშესაწყობად ყველა მხარესთან იყო კავშირში.

ცხინვალის განცხადებით, 29 სექტემბერს დილით მის სასაზღვრო პოსტს სოფელ ქარძმანში ცეცხლსასროლი იარაღიდან და სალულე ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა საგუშაგოზე საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს, თუმცა ძებნის ოპერაციის შემდეგ, მათ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის მახლობლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი“ დააკავეს. თბილისმა დაადასტურა პოლიციელის დაკავება, რასაც რუსეთის მხრიდან „პროვოკაციული“ ქმედება უწოდა.

Exit mobile version