პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასჯელარსრულების სისტემის „ფუნდამენტური“ რეფორმირება პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჩააბარა მას შემდეგ, რაც აღიარა „სისტემურ მარცხი“ გამომდინარე იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიდან, რასაც გლდანის მერვე საპყრობილეში ჰქონდა ადგილი.
სააკაშვილმა ასევე საპატიმროების თანამშრომელთა საპატრულო პოლიციით დროებით ჩანაცვლების განკარგულება გასცა, მოუწოდა სახალხო დამცველის აპარატს სისტემის აქტიური მონიტორინგისკენ და ასევე პატიმრების ოჯახებთან რიგგარეშე პაემნების უზრუნველყოფისკენ.
ეს განცხადება სააკაშვილმა მის სასახლეში გამართულ სატელევიზიო თათბირზე გააკეთა, რომელსაც ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.
სასჯელარსრულების სისტემაში პატიმართა ცემის, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეო მასალების გავრცელებას ფართო საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. გუშინ და დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართა აქციები. ოთხშაბათს სამოქალაქო აქტივისტების მიერ ფილარმონიასთან ორგანიზებული აქცია მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობით დასრულდა, ხოლო სტუდენტების ხალხმრავალი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოეწყო და მოდულის შენობისკენ მანიფესტაციით გაგრძელდა.
მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პრეზიდენტს განუცხადა, რომ ამ დროისთვის დაკავებულია სასჯელაღსრულების სისტემის 10 თანამშრომელი, ხოლო 12 ეჭვმიტანილის მიმართ „ინტენსიური დაკითხვის რეჟიმი“ ხორციელდება. პროკურატურამ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გლდანის საპყრობილეს ოფიცერი დავით აკობია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, მან „უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას“. პროკურატურის განცხადებით, მან გამოთქვა სურვილი ისარგებლოს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით.
გავრცელებული ინფორმაციით, აკობია არის ის პირი, რომელმაც ციხეში პატიმრების ცემის ის კადრები გადაიღო, რომელიც სამშაბათს, ტელეკომპანია „მაესტროს“ მეშვეობით გავრცელდა.
პრეზიდენტის საყვედური პროკურატურას
მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ უწყებამ ციხეებში არსებული ვითარება აქამდე ვერ გამოავლინა.
„მთავარი კითხვა, რაც მე მაქვს, არის ის, რომ აქამდე სად იყო პროკურატურა?“, – მიმართა მან იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, „ის, რომ ამხელა ჯგუფი, ამდენი თვე, არ ვიცი რა მოტივებით ან უმოტივოდ, მათ შორის სრული მანიაკები, ასე დაუსჯელად მოქმედებდნენ, ასე დაუსჯელად ცემდნენ, ამცირებდნენ ხალხს… და ის, რომ ჩვენ ამაზე გამოძიება მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, ეს ნიშნავს, რომ ბევრი რგოლი ჩავარდა".
„მსგავსი რაღაცა, ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ მასშტაბით, ამდენი ხანი?“, – განაგრძო მან, „ე.ი რეალურად მოხდა სისტემური მარცხი“.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ გუშინ იძახდით, რომ არსებული პატიმრებისგან იღებდნენ დავალებებს. ბოდიში, მაგრამ ეს რაზე მეტყველებს, რომ რა სიტუაციაა ციხეებში. კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ, სამაგიეროდ რა ხდება შიგნით?“
„ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ამ ხალხის დაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ამიტომ ვანო“, – მიმართა მან პრემიერ–მინისტრს, „სიტუაცია არის ახლა ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ეს პროკურატურის კომპეტენციას ეხება“.
სააკაშვილი მერაბიშვილს: მთლიანად გადაერთე სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი რიგის ამოცანაა, რომ პენიტენციალური სისტემის მთლიანი რეფორმირება მოხდეს.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამ სისტემას გადავხედოთ მთლიანად. ეს დაგვრჩა ბოლო ნაწილობრივ რეფორმირებული სტრუქტურა სახელმწიფო აპარატში“, – განაცხადა მან.
„პრობლემა ხო რა იყო ხომ, ყველა ორგანო ფუნდამენტურად გამოვცვალეთ: პოლიცია, საგადასახადო, საბაჟო, თავდაცვის სამინისტროში სერიოზული ფუნდამენტური ცვლილება მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში 2008–ის შემდეგ, და ეს იყო ერთადერთი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კალმახელიძემ ბევრ რაღაცას ცვლიდა: პაემნები შემოიღო, პრობაცია შემოიღო, ეს ბრასლეტები შემოიღო, თურმე მთავარ ადგილზე მთავარ ციხეში, მთავარ ცენტრში ხდებოდა ის მაინც, რაც ხდებოდა – ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ იყო ის რაღაც გარეგნული, ნაწილობრივი ცვლილება და მთავარი რაღაცა აღმოჩნდა ისევე საზიზღარი, როგორც იყო ძველ დროს“.
„მთლიანად ეს სისტემა არის, როგორც არსებობს, გასაუქმებელი, მთელი პენიტენციალური დეპარტამენტი, მთლიანად არის სარეორგანიზაციო, მთლიანად არის ახლებურად ჩამოსაყალიბებელი, მთლიანად არის გადასახალისებელი, ზუსტად ისე, როგორც თქვენ გააკეთეთ პატრულში, პოლიციაში“, – მიმართა მან მერაბიშვილს.
„პოლიციაში დღეს შეიძლება მოხდეს დარღვევები, რა თქმა უნდა, და ყველა პოლიციელზე ვერც შენ და ვერც მე ვერ ვაგებთ პასუხს, მაგრამ სისტემურად ეს შეუძლებელია,“– განაგრძო მან, „რამდენი ვიღაც პოლიციელმა რაღაც გადაცდომა ჩაიდინა დავსაჯეთ, ჩავსვით და სისტემა ამიტომ გაკონტროლდა“.
„აქ, როგორც ჩანს, ასეთი გარე კონტროლი საერთოდ არ არსებობდა ან ძალიან სუსტად არსებობდა. ამიტომ, პირადად ჩაიბარე, შეძლებ, რომ მთლიანად გადაერთო ამ სისტემაზე?“, – მიმართა მან მერაბიშვილს.
„მე მესმის კარგად, რომ ეს არის რაღაც კომპრომატების ომი პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკა ახლა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს რა. ის, რასაც ჩვენ ვუყურეთ, ეს ცდება ყველანაირ პოლიტიკურ და იმ საზღვრებს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ფულიც ტრიალებს, ძალიან კარგად დადგენილია, რომ ეს ყველაფერი მომზადებულია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? შენ არ უნდა მიცე საბაბი, შენ არ უნდა გიპოვონ ასეთი სუსტი წერტილი; და ვიღაც მანიაკების ხელში არ უნდა იყოს სისტემა ისე, რომ ადვილად მანიპულირებადი იყოს შიგნიდანაც და გარედანაც ცუდი ხალხის მიერ“.
„ამიტომ მთლიანად გადაერთე, ყველა სხვა საკითხები ცოტა ხანი გვერდზე დავდოთ და როგორც იყო პოლიციის რეფორმა, ეს ბევრად უფრო პატარა სისტემაა, რთული სისტემაა, მე ნამუშევარი ვარ და ვიცი, მაგრამ გვეგონა რომ ძალიან ბევრი რაღაცა შევცვალეთ და შევცვალეთ, მაგრამ მთავარი საზიზღრობები კიდევ შიგნით ყოფილა“,– განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ივლისში, როცა ბაჩო ახალაიას, რომელიც დღევანდელ თათბირს არ ესწრებოდა, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად წარადგენდა, გაიხსენა მისი მუშაობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე 2005–2008 წლებში და განაცხადა, რომ მან შეძლო კრიმინალების დამარცხება სასჯელაღსრულების სისტემაში.
2009 წლის აგვისტოში, როცა ახალაია თავდაცვის მინისტრად გადაიყვანა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არის ”მაღალი დონის ევროპული განათლება მიღებული კადრი”, რომელსაც ”ბევრი მტერი ჰყავს” სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამო.
”დღეს ჩვენ ციხეს აღარ მართავს კანონიერი ქურდი და დღეს დანაშაული აღარ იმართება ციხიდან,”- განაცხადა მან სამი წლის წინ, ”აი ამ კაცმა [ბაჩო ახალაიამ] გააკეთა ეს. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ვერ გავაკეთე. და გააკეთა ძალიან მკაცრი ზომების გატარების ხარჯზე“.
ბაჩო ახალაიას გადადგომის მოთხოვნა გაისმა 19 სექტემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე იმ მოთხოვნასთან ერთად, რომ გადამდგარიყო სასჯელარსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. ამ უკანასკნელმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავად გააკეთა განცხადება.
სააკაშვილმა 19 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ დანაშაულის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის პარალელურად ასეთივე პოლიტიკა უნდა არსებობდეს ადამიანის უფლებათა დარღვევებთან მიმართებაშიც.
„აი, როგორც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს ჩვენ დანაშაულის მიმართ, ახლა უნდა ვთქვათ, რომ ეს ხალხი ვინც იქ ზის, იხდის სასჯელს, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის პრობლემატური ხალხია: იქ არიან ან მძიმე დამნაშავე, იქ არიან მკვლელები, იქ არიან გამაუპატიურებლები, იქ არიან მძარცველები და ყველანი – კი, ეს ასეა, მაგრამ როგორც ნულოვანი ტოლერანტულობა გვაქვს ამ დანაშაულის მიმართ და იმიტომ საქართველოში აღარ არის დამნაშავეობა, პრაქტიკულად ნოლზეა დაყვანილი თითქმის, ასევე უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტულობა ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევის მიმართ იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ ცივილიზებულ ადამიანურ ქვეყანას და არა უბრალოდ ძალადობაზე აგებულ დისციპლინას“, – განაცხადა მან.
„არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი, რითიც შეიძლება წესრიგის დამყარება თითის დაკარების გარეშე ადამიანზე და არსებობს ბევრი მეთოდი დარწმუნების ცივილიზებული, დემოკრატიული, ადამიანის უფლებების ფარგლებში“.
„უბრალოდ, აქ [პატიმრების წამების ფაქტებზე] საქმე გვქონდა ადამიანებთან, რომლებსაც მე მგონი პრაქტიკულად სიამოვნებდათ, რასაც აკეთებდნენ“, – დასიძინა მან.
პატრული პენიტენციალურ სისტემაში
სააკაშვილმა მოუწოდა პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ივლისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ვიდრე მის ადგილს ბაჩო ახალაია დაიკავებდა, რომ „დღესვე“ შეეყვანათ პატრული ციხეებში, რათა დროებით იქ მომუშავე თანამშრომლები, რომლებსაც პრეზიდენტმა „რისკ ჯგუფებად“ მოიხსენია, ჩაენაცვლებინათ.
„განსაკუთრებით იმ პრობლემურ ციხეებში მთლიანად გაწიეთ თანამშრომლები და შეიყვანეთ დროებით პოლიციის პატრული. ეს არის დროებითი ღონისძიება, სანამ იქ მოხდება გადარჩევა, გადახალისება, ტრეინინგი, როგორც იყო პოლიციაში თავიდან“.
„შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები, ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუნქცია, მაგრამ სიტუაცია არის საგანგებო და ეს არის დროებითი ზომა მანამ, სანამ ყველაფერს ფუნდამენტურად დავალაგებთ“.
„ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მარტო ის კი არა რეჟიმი და რაღაცა, დაწყებული საშხაპეებიდან, თეთრეული როგორია, სანიტარული პირობები როგორია, პრობაციის სისტემა გავაფართოვოთ, რომ მაქსიმალურად განვტვირთოთ ეს ჩვენი ციხეები“, – განაცხადა მან.
მან ასევე მოუწოდა სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს ციხეებში მონიტორინგის გაძლიერებისკენ.
„ობუდსმენი არ არის თბილისში, როგორც კი ჩამოვა შევხვდები, ყველა საპატიმროში დავსვათ ობუდსმენის წარმომადგენელი. ის კი არა ხანდახან რომ შევიდეს, იქ იყოს, შტატები დავუმატოთ, ფული დავუმატოთ“, – განაცხადა მან, "მთელი ეს წლები გიორგი ტუღუში ამ სისტემაზე სულ ლაპარაკობს, სულ აკრიტიკებს და როგორც გაირკვა ძალიან სამართლიანად აკრიტიკებს. ყველგან გახსნას თავისი წარმომადგენლობა, იქ იყოს ეს ხალხი, შეუშვან მონიტორინგის ჯგუფები მუდმივად, როცა უნდათ".
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, 19 სექტემბერს ცალკე გაკეთებულ კომენტარში განაცხადა: „ჩვენ როგორც ხელისუფლებამ დაუშვით მძიმე შეცდომა, როცა სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები, რომელიც მოდიოდა სახალხო დამცველისაგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემის შესახებ“.
სააკაშვილის თქმით, პატიმრების იმ „25 ათასს ოჯახს“, რომლებიც ნერვიულობენ ტელევიზიით გავრცელებული ფაქტებიდან გამომდინარე, უნდა მიეცეთ მათ ახლობლებთან „რიგგარეშე პაემნის“ საშუალება.
„გააკეთეთ სია, დაიწყეთ საპატიმრო–საპატიმრო, ყველა მიიყვანეთ და აჩვენეთ ეს თავისი ნათესავები, ძალიან მნიშვნელოვანია, დაამყარებინეთ კონტაქტი, რომ საღსალამათია“, – განაცხადა მან თათბირზე.
„უნდა სისტემა მაქსიმალურად გავხსნათ, დახურულ სისტემებს მოყვება ისეთი რაღაცა, რაც მოხდა“, – დასძინა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ დადგინდეს ზუსტად რა მოხდა. „ამიტომ კომისია შევქმნათ საპარლამენტო, საზოგადოება ჩავრთოთ“, – განაცხადა მან.
მერაბიშვილი: მთელი საზოგადოების უსაფრთხოებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას
პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ იმაზე იღებს პირად პასუხისმგებლობას, რომ ციხეში მყოფი ადამიანების უსაფრთხობა იქნება დაცული, „არამედ მთელი საზოგადოების უსაფრთხოებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას“.
„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ძალიან მოკლე ვადაში ეს ორგანო გახდება ისეთი, როგორიც ეკადრება დღევანდელ საქართველოს და ამ ორგანოს ნდობა საზოგადოებაში გაიზრდება, ასეთ რაღაცეებს აღარ ექნება ადგილი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ის "წარმოუდგენლად საზიზღარი ფაქტი", რაც ციხეში მოხდა, „ეს არის დისკრედიტაცია მართლა ყველაფრის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი ეს წლები“.
„ეს არის დარტყმა, თორემ დანარჩენ გამოწვევებს როგორ გავაკეთებთ, ჩვენ ვიცით“, – განაცხადა მან და დეტალების დაკონკრეტების გარეშე ისაუბრა მასალებზე, რომლის გამოქვეყნებაც იგეგმება.
„საქართველოს ამის პარალელურად ასევე ბევრი სხვა საფრთხე აქვს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მხრიდან. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ესეც უნდა ვუთხრათ საზოგადოებას როგორც არის, მათ შორის ის შედეგები, რომლებიც თქვენ გაქვთ უცხო ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის. რაც თქვენ გაქვს [ხელი გაიშვირა იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორისკენ]. ამ დღეებში ყველაფერი გავაცნოთ ასევე საზოგადოებას როგორც არის, რომ იცოდნენ აქ რა თამაში მიდის საერთოდ რა ვნებათაღელვა მიდის, რაც არსებობს, რისი მცდელობებიც არის და იქნება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენ ამისი ნაკლებად გვეშინია“.