არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის, შს მინისტრების, ასევე მთავარი პროკურორის გადაყენებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მოითხოვს დადგეს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი სასჯელაღსრულების სისტემაში იმ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რაც „სისტემური ხასიათის პრობლემას“ წარმოადგენს.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება ფილარმონიის წინ მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს, სადაც მონაწილეები გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა ცემის, წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს აპროტესტებენ, რომელთა ამსახველი ვიდეო–მასალა 18 სექტემბერს გავრცელდა. დღეს ასევე გავრცელდა მორიგი ვიდეო, სადაც, საპატიმროში, სავარაუდოდ, არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტია ასახული.

„გარდა ვიდეო ფირებზე ასახულ პირთა  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა,  აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორისა  და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი, რადგან შეუძლებელია მათი ჩართულობის გარეშე ადგილი ჰქონოდა მსგავს სისტემურ და  ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, „არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციალურ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მიერ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფაქტები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2011 წლის 26 მაისის, 2009 წლის 15 ივნისს, 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე“. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი, რათა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტზე. მათი თქმით, აქამდე გამოვლენილი ფაქტების "არაეფექტური გამოძიება" ხდებოდა, რადგან საგამოძიებო ორგანოები ავლენენ ლოიალობას, რითაც "განამტკიცებენ დაუსჯელობის სინდრომსა და მსგავსი ფაქტების წახალისებას".

„საგამოძიებო ორგანოების მიერ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მთავარი პროკურატურის, გამოვლენილი უკიდურესი უმოქმედობისა და მათდამი არსებული უნდობლობის ფონზე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება. ამისათვის აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი.  გამოძიება უნდა წარიმართოს მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს „მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ“ ამ საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე.

ამასთან ერთად, უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ უზრუნველყოფილ იქნას „იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს  წამების ფაქტები  და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო“.

Exit mobile version